ასოცირების ხელშეკრულება

რუსული თამაში, მითი და რეალობა

0 კომენტარი

რაც უფრო ახლოვდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, შინაგანად იგრძნობა, რომ ქვეყანაში სიტუაცია იძაბება. 27 ივნისს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. ეს ცნობილი გახდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ. ეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი, რომელმაც სრულიად უნდა შეცვალოს საქართველოს უახლესი ისტორია. ფაქტია, რომ საქართველო განსაკუთრებული დაკვირვების ფაზაში იმყოფება ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან. ამავე კონტექსტში 2014 წლის 13 მაისს საქართველოს სტუმრობდა საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი კავკასიური ტურნეს ფარგლებში. ერთი მხრივ, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური აქტია ჩვენს უახლეს ისტორიაში, ამასთანავე, ის არის საფრთხის შემცველი იმ მაგალითის გათვალისწინებით, რომელიც მიმდინარეობს როგორც საქართველოს შიდა სივრცეში, ასევე უკრაინაში. შესაბამისად, საქართველოს უსაფრთხოების რისკები ძალიან იზრდება და ეს არა მხოლოდ საგარეო, საშინაო რისკებიცაა, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

საგარეო რისკების შესახებ ჯერ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ღია ტექსტით ისაუბრეს. შინაარსი ერთი იყო. რუსეთი არ შეეგუება საქართველოს და უკრაინის NATO-ში ინტეგრაციას.

სერგეი ლავროვი: „საქართველოს ან უკრაინის NATO-ს ნაწილად ქცევა – ეს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ საფრთხეს წარმოადგენს და ეს არის ის, რასაც რუსეთი უბრალოდ არ მიიღებს. მცდელობა, უკრაინა შეიყვანონ NATO-ში, ევროპული უსაფრთხოების მთელი სისტემისთვის იქნება ნეგატიური და ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ ამის. ხოლო საქართველოს NATO-ს ნაწილად ქცევა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს".

ვლადიმირ პუტინი: „ჩვენს საზღვრებთან NATO-ს ჯარებს ვერ ავიტანთ ვერც უკრაინის და ვერც ნებისმიერი სხვა მოსაზღვრე სახელმწიფოს მხრიდან".

ეს განცხადებები მოასწავებენ იმას, რომ საქართველოს წინაშე ძალიან დიდი გამოწვევები დგას. მიუხედავად ამისა, საქართველო იძულებულია იაროს ევროპული ოჯახისაკენ, თუმცა წინ ძალიან ბევრი ბარიერია.
საგარეო საფრთხეების პრევენციას ემსახურებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადება, რომლითაც NATO-ს სთხოვა თავდაცვითი შეიარაღების განთავსება საქართველოს ტერიტორიაზე, უსაფრთხოების რისკების გაზრდასთან დაკავშირებით, რაზედაც მივიღეთ დაპირება, რომ ამ საკითხს განიხილავენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ირაკლი ალასანიამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკა დაიმსახურა, რომ მან იჩქარა ამ განცხადების გაკეთება. აღნიშნული განცხადება გააკეთა პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ, ხოლო უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა თქვა, რომ ეს საკითხები უნდა შეთანხმებულიყო საქართველოს პრეზიდენტთან. სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა მოუწიოს საქართველოს თავდაცვის მინისტრს თავის მართლება იმასთან დაკავშირებით, რომ ის ზრდის საქართველოს უსაფრთხოებას და NATO განიხილავს საქართველოში მაღალი დონის თავდაცვითი შეიარაღების განთავსებას, მაშინ როდესაც საქართველოს გააჩნია ოკუპირებული ტერიტორიები და ოკუპანტი სახელმწიფოს სამხედრო ძალები დედაქალაქიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში არიან განლაგებული, მით უმეტეს, როდესაც სახეზეა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული უპრეცედენტო ძალადობის აქციები სამხრეთ- აღმოსავლეთ რეგიონებში.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება გულგრილად ეკიდება საგარეო უსაფრთხოების საკითხებს. ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ჩაერთო საერთო გლობალურ კამპანიაში, რომელმაც დაგმო რუსეთის ქმედებები უკრაინაში და ჩამოაყალიბა ერთიანი გლობალური მიდგომა რუსეთის აგრესიის მიმართ. ამის მიუხედავად, პრაღაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დასავლეთს მოუწოდა რუსეთთან რაციონალური დიალოგისკენ და არა გარიყვის პოლიტიკისკენ. ესეც სრულიად კონტექსტიდან ამოვარდნილი რიტორიკა იყო იმ მოცემულობაში, როდესაც დასავლეთის სახელმწიფოების სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკვე მესამე სტადიაზეა და კიდევ არის მოსალოდნელი ამ სანქციების გამკაცრება. ჩვენს პრეზიდენტს დაავიწყდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთმა სწორედ რუსეთთან დიალოგი არჩია გარიყვის პოლიტიკას, რის გამოც უკრაინაში მოხდა ყირიმის ოკუპაცია და ქვეყანა არის გახლეჩის საფრთხის წინაშე.

როდესაც საგარეო რისკებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ პუტინი უკრაინაში მოქმედებს ნელი ომის პრინციპით. მან იქ არ შეიყვანა რეგულარული არმია, მაგრამ ეყრდნობა კარგად ორგანიზებულ გრუ-ს სპეცრაზმებსა და სეპარატისტთა ძალებს. ასეთი რამ რუსეთმა აფხაზეთში 1989 წლის 16 ივნისს მოაწყო, როდესაც 16 ადამიანი დაიღუპა და 400 დაშავდა. რასაც შემდეგ ფართომასშტაბიანი ომი მოჰყვა, რომელიც აფხაზეთის ოკუპაციით დასრულდა, თუმცა რუსეთის რეგულარული არმია არც ამ ომში გამოჩენილა.

ამიტომ სულაც არაა გამორიცხული, რომ უკრაინაში კონფლიქტი მიწყნარდეს, სხვა მიმართულებით გაჩაღდეს ახალი კონფლიქტი და ეს შესაძლოა საქართველოც იყოს. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოქმედება სრულიად გამართლებულია, განსხვავებით შსს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძისგან, რომელიც რუსეთიდან საფრთხეს ვერ ხედავს. უცნაურია, რომ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ვერ იგებენ ირაკლი ალასანიას შიშებს საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებით. ეს შიშები ძალიან რეალურია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თარიღი ცნობილია.

რაც შეეხება შიდა პოლიტიკას და ზოგადად ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, რამდენიმე თვეა მიდის ძალიან აქტიური კამპანია, რომ „დასავლეთი რყვნის". ეს გამოვლინდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს, როდესაც ჯერ საქართველოს პატრიარქმა მოითხოვა კანონის მიღების შეჩერება, ხოლო შემდეგ ამ თემას საეკლესიო პირების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა. თუ კარგად გავაანალიზებთ და ჩავუღრმავდებით მთელ ამ მოვლენებს, აშკარად შევნიშნავთ, რომ ეს არის მითის შექმნის პროცესი. მას არ აქვს შინაარსიც კი. ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ კლასიკურ მითოლოგიაზე, არამედ ვსაუბრობთ ისეთ მითზე, რომელიც მთლიანად გამსჭვალავს სოციალურ რეალობას და უმცირეს ადგილსაც კი არ ტოვებს სინამდვილისთვის, რეალური საგნებისთვის.

ეს არის ცრუ წარმოდგენების ანონიმური მასა, რომელიც ადამიანის ცნობიერებას და რეალობას შორის დგას და ხელს უშლის მას სწორ აღქმაში. მითი, ფართო გაგებით, ყველაზე მეტად ილუზორულ წარმონაქმნს ნიშნავს, ანუ ის, რაც ჩვენ ბუნებრივი და სრულიად უმანკო გვგონია, სინამდვილეში შესაძლოა ილუზორული რეალობის ნაწილი იყოს, რომელიც ადამიანის გარშემო დიდ ბურუსს ქმნის. არაფერი არ არის მხოლოდ ისე, როგორც ჩანს, არაფერია ზუსტად ისეთი, როგორადაც იგი ჩანს. ამის ნათელი დადასტურებააა ის, რომ მაგალითად არავის აინტერესებს, რა წერია თავად ანტიდისკრიმინაციულ კანონში. არის თუ არა ის გარყვნის დოკუმენტი. არავინ კითხულობს ტექსტს, უბრალოდ მისი მიღება არ სურთ, ვინაიდან არსებობს ფორმულა-მითი „დასავლეთი რყვნის". ამის გაგრძელება იყო ის, რომ 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდის დღედ და ამ დღეს მოითხოვეს ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება. მოეწყო დიდი აქცია, რომელშიც სამღვდელოების და მრევლის დიდმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა. ამით ეკლესიამ ირიბად დაადასტურა თავისი წინააღმდეგობა სახელმწიფოს მიერ აღებული დასავლეთის კურსის მიმართ. ამის დასტურია ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების მოთხოვნაც.

ახლა მივყვეთ ამ მითის სტრუქტურას, რომელიც თავის ლოგიკურ რეზოლუციამდე მიგვიყვანს. თუ გავიხსენებთ 2013 წლის 17 მაისს, იმ დღეს მითი იყო „გეების აღლუმი", რომლის წინააღმდეგაც გაილაშქრეს. როგორც დღეს არ კითხულობენ, რა წერია ანტიდისკრიმინაციულ კანონში, ასევე მაშინ არავის აინტერესებდა, მართლა იყო თუ არა „გეების აღლუმი". კარგად თუ დავაკვირდებით, მითი –„დასავლეთი რყვნის" და მითი „გეების აღლუმი" ნამდვილად არის ერთ კონტექსტში მოქცეული.

თუ ლოგიკურად მივყვებით მთელი ამ მითის შექმნას, მოვლენები ასეთი ქრონოლოგიით განვითარდა: 2013 წლის 17 მაისს „ტარდებოდა" „გეების აღლუმი", მერე მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, მითი აგრძელებს თავის ჩამოყალიბების პროცესს – „აკანონებენ გეებს" და ამას მივყავართ მთავარ ფორმულა-მითამდე – „დასავლეთი რყვნის". მთელ ამ პროცესს მოჰყვა მოთხოვნის ჩამოყალიბება: „უნდა გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი" და თუ ეს კანონი არ გაუქმდება... მითის რეზოლუცია იქნება შემდეგი: დასავლეთი არ გვინდა, „დასავლეთი რყვნის". დაბოლოს – წინააღმდეგი ვართ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის. ამ მითის საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ დაიწყებს თავად სახელმწიფოს მართვას და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება. ამას ადასტურებს 17 მაისს ჩატარებული აქციის მოთხოვნა: „გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი", რომელზეც ხელმოწერები გროვდება. აი, ამ ხელმოწერების შეგროვების შემდეგ ჩვენ მთავარ რეზოლუციას მივიღებთ მითოსისას – არ გვსურს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა... დიახ, ვინც 2013 წლის 17 მაისს „ტაბურეტკიანი" მამაოები გამოიყვანა ქუჩაში, 2014 წელს ამ ფინალის მიღება სურდა და, სავარაუდოდ, მიიღებს კიდეც.

ეს არის აწმყოს ძალიან მძლავრი მითი და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ მითების წარმოშობა არის ერთი მთლიანი თამაშის ნაწილი, რომლის ობიექტებიც მასში მონაწილე პირები არიან. ძალიან ბევრმა მათგანმა არ იცის ამ თამაშში მონაწილეობის შესახებ. სინამდვილეში, გარე ფაქტორები, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, სწორედ ამ მითებით არიან გადაზღვეულნი.

თუ ამ თამაშის მთავარი რეზოლუცია მითი – „დასავლეთი რყვნის" იქნება, ამ შემთხვევაში მოდუნდება წინააღმდეგობა, რომელიც საგარეო საფრთხეებს უნდა დახვდეს. შესაბამისად, მთლიანად თამაში, რომელიც რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აქვს მომართული, ემსახურება დასავლეთთან ინტეგრაციის ჩაშლას. სწორედ ეს რუსული თამაშია თამაშის სუბიექტიც, ის ქმნის ამ მითებს, რომელიც ადამიანების ძალიან ფაქიზ განცდებზეა გათვლილი. ამ თამაშის მონაწილეა მთელი ეკლესიურ-მრევლური სოციუმი და ისინი ამ თამაშის ობიექტები არიან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს თამაში უკვე თავის ფინალურ სტადიას უახლოვდება.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ნიშნებით დახუნძლულ სამყაროში ვცხოვრობთ, ნიშნები კი ხშირად ძალიან დომინანტურ პოზიციას იკავებენ და ჩვენს მართვას იწყებენ, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ამ თამაშის განეიტრალებაზე. როგორც პუტინმა თქვა, ის ვერ აიტანს თავის საზღვართან ვერც NATO-ს და ვერც ევროკავშირს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები