არეულობა უკრაინაში

ლუგანსკში, ტერორისტების მიერ დაკავებულ შენობაში აფეთქება მოხდა

ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის შენობაში, რომელიც თვითგამოცხადებული "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" წარმომადგენლებს აქვთ დაკავებული, აფეთქების ხმა გაისმა. აფეთქების შედეგად შენობის მესამე სართულის კედელზე გაჩნდა ხვრელი, რომლიდანაც კვამლი ამოდის. არიან დაჭრილებიც.

ადგილზე მობილიზებულნი არიან მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების მანქანები. შენობას ტერორისტები აკონტროლებენ, რომლებიც ალყაში მყოფი ტერიტორიიდან ხალხს აძევენენ, რის მიზეზადაც ისინი აფეთქების განმეორების საშიშროებას ასახელებენ.

თვითმხილველთა ნაწილმა რადიო თავისუფლების ადგილობრივ ოფისს განუცხადა, რომ აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე ქალაქის თავზე მოიერიშე Су-25 დაფრინავდა. ინფორმაცია დაუდასტურებელია.

ანტიტერორისტული ოპერაციის პრესოფიცერმა, ალექსანდრ დმიტრაშკოვსკიმ განაცხადა, რომ აფეთქება შენობის შიგნით მოხდა და გარედან არ უსვრიათ.

"აფეთქების ყველაზე დამაჯერებელი მიზეზი შეიძლება იყოს დაუდევარი დამოკიდებულება იარაღთან და ასაფეთქებელ ნივთიერებებთან", - განაცხადა მან. მან უარყო, რომ შენობა გარედან, მით უმეტეს ვერტმფრენიდან, დაიბომბა. ტერორისტები საპირისპიროს ამტკიცებენ.

ლუგანსკის ოლქში მთელი დღის განმავლობაში უკრაინელ მესაზღვრეებსა და ტერორისტებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. გუშინ ღამით ლუგანსკის სასაზღვრო ნაწილის სამხედრო მოსამსახურეებს 500-მდე პრორუსი მებრძოლი დაესხა თავს. სამხედროებმა მესაზღვრეებს მაშველი ძალა გაუგზავნეს, ბრძოლაში სამხედრო ავიაციაც მონაწილეობდა.

კომენტარები