ოკუპირებული ტერიტორიები

ფანჯიკიძე: ყველაფერი, რაც მოხდება ცხინვალში, იქნება უკანონო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ყველაფერი, რაც ცხინვალში მოხდება, უკანონო იქნება. ფანჯიკიძე ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შესაძლო მიერთების შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართალი არ აღიარებს არაფერს, რაც ცხინვალში ხდება.

“ყველაფერი, რაც მოხდება იქ, იქნება ეს არჩევნები თუ არჩევნების პარალელურად რაიმე სხვა განცხადება თუ გადაწყვეტილება, ყველაფერი იქნება უკანონო, რადგან საერთაშორისო სამართალი არ აღიარებს არც მათ პარლამენტს, არც არჩევნებს, არც მათ მიერ მიღებულ გადადწყვეტილებებს და ა.შ. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი მოხდება იმავე კონტექსტში, რაშიც ხდება ნებისმიერი სხვა აქტივობა ცხინვალის რეგიონში”, - თქვა ფანჯიკიძემ.

ცნობისთვის, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა 2 ივნისს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სურს და ამისთვის ხელსაყრელ მომენტს ელოდება.

„ჩვენი ამოცანაა, შევარჩიოთ შესაფერისი მომენტი, როდესაც რუსეთს შემადგენლობაში შესვლის საკითხს აქტიურად დავაყენებთ", - განმაცხადა თიბილოვმა. მისი თქმით, როდესაც ასეთი მომენტი დადგება, ჩვენ მას ხელიდან არ გავუშვებთ და გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს საკითი ჩვენი ხალხისთვის დადებითად გადავწყვიტოთ.

თიბილოვის თქმით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის წინადადებით ახალი პარლამენტი გამოვა, რომლის არჩევნებიც 8 ივნისს არის დანიშნული. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროსაც აყენებს.

კომენტარები