ოკუპირებული ტერიტორიები

მაჭავარიანი: ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საფრთხე დიდია

ka.wikipedia.org

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, "ამ მთავრობის პირობებში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საფრთხე დიდია". მიხეილ მაჭავარიანი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის ლეონიდ თიბილოვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "თუ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ე.წ. პოლიტიკის დალაგების საკითხს დროზე არ გადახედავს, ჩვენ აღმოვჩნდებით სერიოზული პრობლემების წინაშე".

მაჭავარიანის თქმით, წინა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა იყო ის, "რომ ევროპელებს, ამერიკელებს ვთხოვდით და შეიძლება, თავსაც ვაბეზრებდით, რუსეთთან მარტო არ დავეტოვებინეთ". მისი შეფასებით, ეს იყო სწორი მიდგომა.

"დღევანდელი მთავრობის პოლიტიკაა, რომ "ჩვენ ვალაგებთ რუსეთთან ურთიერთობას. სწორედ ამას ნიშნავდა გუშინ პრემიერის გზავნილი მერკელისადმი და მისი პასუხიც - "იცით რა, თქვენი მთავრობა თვითონ ალაგებს და ჩვენ რა შუაში ვართ?", ჩვენი პოლიტიკა იყო რეზოლუციების და მხარდაჭერის მოთხოვნა. ვეუბნებოდით - არ დაგვტოვოთ რუსეთთან მარტო, რადგან ერთხელ უკვე დავრჩით რუსეთთან მარტო, 1921 წელს და რა შედეგამდე მივედით, ყველამ იცის. სამწუხაროდ, ეს ამ მთავრობამ ვერ გაიაზრა და ისევ ამ პოლიტიკას მისდევს, რომ რუსეთთან დარჩეს ერთი ერთზე, რომელიც ისე დამთავრდება, როგორც დამთავრდა, მაგალითად, ყირიმის საკითხი უკრაინაში", - განაცხადა მაჭავარიანმა. 

მისივე თქმით, აფხაზეთი ევრაზიული კავშირის წევრი ვერ გახდება. როგორც ვალერი ბგანბას განცხადების კომენტირებისას ენმ-ის წევრმა აღნიშნა, სხვა შემთხვევაში, აფხაზეთის დამოუკიდებლობა ჯერ ყაზახეთმა, შემდეგ კი, სომხეთმა და ბელარუსმა უნდა ცნონ.

"ჩვენი პოლიტიკის შედეგია ის, რომ არაღიარების პოლიტიკა არ განხორციელდა. საკმაოდ ღიად ისაუბრა ლუკაშენკომ, რომ ამაზე ძალიან ბევრი დრო და ენერგია დახარჯა საქართველოს პრეზიდენტმა, ეს ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით ბელორუსიაში. ევრაზიულ კავშირთან მიერთება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მისი წევრები აღიარებენ აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. მე არ მგონია, რომ ეს ქვეყნები ამას გააკეთებენ", - განაცხადა მაჭავარიანმა. 

ცნობისთვის, რუსულ გამოცემა Коммерсант-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა, ე. წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ აფხაზეთი ევრაზიულ და საბაჟო კავშირებში გაწევრიანების საკითხს განიხილავს. 

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის ლეონიდ თიბილოვის თქმით კი, ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სურს და ამისთვის ხელსაყრელ მომენტს ელოდება.

კომენტარები