დინამო თბილისი

ბილეკი: მოუთმენლად ველი თბილისის დინამოში მუშაობის დაწყებას

fcdinamo.ge

დინამო თბილისის ოფიციალურმა ვებგვერდმა უკვე დაადასტურა, რომ კლუბს რამდენიმე დღეში ჩეხი სპეციალისტი მიხალ ბილეკი ჩაიბარებს.

წარსულში ცნობილი ფეხბურთელი სხვადასხვა დროს პრაღის სპარტასა და რეალ ბეტისში გამოდიოდა, ის ჩეხოსლოვაკიისა და შემდგომში ჩეხეთის ნაკრების წევრიც იყო.

რაც შეეხება სამწვრთნელო საქმიანობას, ბილეკი თავდაპირველად ტეპლიცეს თავკაცობდა, შემდეგ კოსტა რიკის კარტახინესში მუშაობდა. სანაკრებო დონეზე, ბილეკი ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი იყო, მოგვიანებით ბლშანის ხმელი და პლზენის ვიქტორია ჩაიბარა. პრაღის სპარტასა და რუჟომბეროკის შემდეგ კი უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, ჩეხი სპეციალისტი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო, რომელიც მისი თავკაცობით 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გაიყვანა.

ბილეკი 2006/07 სეზონის ჩეხეთის ჩემპიონი და თასის მფლობელია, 19-წლამდელთა ნაკრებან ერთად კი 2003 წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩეხურ მედიაში უკვე გავრცელდა ბილეკის პირველი კომენტარი.

"რამდენიმე დღის წინ თბილისში დინამოს ბაზა მოვინახულე, რომელმაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. მოუთმენლად ველი კლუბში მუშაობის დაწყებას," - განაცხადა idnes.cz-თან საუბარში მიხალ ბილეკმა.

ჩეხი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, დინამო თბილისში მისი თანამემამულე მარცელ ლიცკა იქნება.

შეგახსენებთ, რომ თბილისურ კლუბში, აქამდეც უმუშავიათ ჩეხ სპეციალისტებს - 2006-08 წლებში გუნდს დუშან უჰრინი წვრთნიდა, 2012-13 სეზონში კი მისი ვაჟი - დუშან უჰრინი უმცროსი.

მიხალ ბილეკი დინამოში მუშაობას 6 ივნისს შეუდგება.

კომენტარები