საზაფხულო საკითხავი

საზაფხულო საკითხავი ინოვაციების მოყვარულთათვის

საზაფხულო საკითხავი ინოვატორებისათვის
REUTERS

საზაფხულოდ წასაკითხი წიგნების სია სხვა კომპანიებსა და გამოცემებს შორის Washington Post-მაც გამოაქვეყნა

Washington Post-ის სია შედგენილია ერთი გამაერთიანებელი ნიშნით: თითოეული წიგნი, მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთისგან ჟანრობრივად განსხვავდება, სხვადასხვა კუთხიდან უდგება ინოვაციის ფენომენს და მის მნიშვნელობას მომავალი განვითარებისათვის. 

სიაში შესული წიგნების თავისებურება იმაშიც მდგომარეობს, რომ სხვადასხვა სამეცნიერო ფენომენების ახსნა პოპულარულ ენაზეა დაწერილი და ფართო საზოგადოებაში დისკუსიის საგანი ხდება, რაც საგანმანათლებლო საქმიანობისათვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. 

წიგნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 

1. მიჩიო კაკუ - ცნობიერების მომავალი (The Future of Mind)

კაკუს წიგნი ასევე შესულია JP Morgan-ის საზაფხულო საკითხავების სიაში, რომელიც მათი კორპორატიული კლიენტებისათვის ქვეყნდება. წიგნი მიზნად ისახავს ჩაწვდეს ჩვენი გონების შესაძლებლობებს, რათა შემდეგ შესაძლებელი გახდეს ცნობიერებისა და მისი შესაძლებლობების გაფართოება და გაძლიერება. ავტორი ამტკიცებს, რომ მომავალში მეცნიერება უკვე იმ დონეზე განვითარდება, როდესაც შესაძლებელი გახდება ტვინის ფუნქციების საფუძვლიანად შესწავლა, შედეგად კი ფსიქიკური დაავადებების განკურნება, ცნობიერების მექანიკის შეცნობა და ზეინტელექტუალური ადამიანის შექმნა ტვინის ფუნქციების გაძლიერების შედეგად. 

2. ნინა ტანდონი და მიტჩელ იოაკიმი - სუპერუჯრედები (Super Cells: Building with Biology

სუპერუჯრედები TED-ის წიგნების სერიის ნაწილია. წიგნში საუბარია ბიოლოგიის უკანასკნელ მიღწევებზე. ყურადღება გამახვილებულია ბიოინჟინერიასა და სინთეტიკურ ბიოლოგიაზე. წიგნში საუბარია უჯრედების განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ისეთი ოპერაციების ჩატარება, როგორიც არის ორგანოების ტრანსპლანტაციის პროცესის გაადვილება, ახალი ტიპის საკვების შექმნა და ძვლის ქსოვილის შეცვლა. ავტორები შესაძლებლობას აძლევენ მკითხველს ცხადად დაინახოს ის ტენდენციები, რომელი მიმართულებითაც ბიოლოგია, როგორც მეცნიერება, ვითარდება და მათი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე დღეს და მომავალში. 

3. ასტრა ტეილორი - სახალხო პლატფორმა (People's Platform: Taking back Power and Culture in the Digital Age

წიგნში ყურადღება გამახვილებულია იმ მომავალზე, რომელსაც ჩვენ, ხალხი, ვაშენებთ ჩვენი თავებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით. დასმულია კითხვა, ვაძლევთ თუ არა ინტერნეტგიგანტებს, როგორიც არის Google და Facebook, ზედმეტად დიდ ძალაუფლებასა და გავლენას ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. 

4. ელიზაბეტ კოლბერტი - მეექვსე გადაშენება (The Sixth Extinction: An Unnatural History

წიგნში მოთხრობილია ხუთი დიდი გადაშენების ისტორია, რომელიც ჩვენი არსებობის მანძილზე მომხდარა. ავტორი სვამს კითხვას მეექვსე გადაშენებასთან დაკავშირებით, რომელსაც ადამიანების გაქრობა მოჰყვება და ცდილობს ამოხსნას ამოცანა, როგორ არის შესაძლებელი, რომ მაღალი ტექნოლოგიების ერაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ადამიანი ნელა, მაგრამ მეთოდურად მიდიოდეს საკუთარი გადაშენებისაკენ. წიგნი საინტერესოა ეკოლოგიით და პლანეტის მომავლით დაინტერესებული მკითხველისათვის და აპელირებს დედამიწის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ჩვენი მოდგმის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისათვის. 

5. შარონ მოალემი - მემკვიდრეობა: როგორ ცვლიან ჩვენი გენები ჩვენ ცხოვრებას და ჩვენი ცხოვრება გენებს (Inheritance: How Our Genes Change our Lives and Our Lives Change Our Genes

ავტორი წიგნში ხსნის როგორ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ ჩვენი შთამომავლობის გენეტიკურ მახასიათებლებზე. მოალემის აზრით, გენეტიკაში მიღწეული პროგრესის საშუალებით, იმის მტკიცება, რომ გენეტიკაში ცვლილების შეტანა შეუძლებელია - არასწორია. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის გენი თხევადია, შესაძლებლობა გენეტიკური დეფექტების აღმოფხვრისა და გენის გაძლიერების, უკვე ხელშესახებია. 

6. ერიკ ბრინიოლფსონი და ენდრიუ მაკაფი - მეორე მანქანის ერა (The Second Machine Age: Progress, and Prosperity in a Time of Brilliant Technologies

ბრინიოლფსონის და მაკაფის წიგნმა მკითხველთა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა 2014 წელს. ამის შედეგია ის, რომ გარდა Washington Post-ის სიისა ის JP Morgan-ის საზაფხულო საკითხავთა სიაშიც მოხვდა ბიზნესისა და ტექნოლოგიის ჟანრში შერჩეული წიგნების რიცხვში. წიგნმა პოპულარობა მოიპოვა როგორც ეკონომიკით, ასევე ტექნოლოგიით დაინტერესებულ მკითხველებს შორის. ავტორები საუბრობენ ტექნოლოგიური პროგრესის ექსპონენციალურად მზარდ ხასიათზე და როგორ გავლენას ახდენს ტექნოლოგიური პროგრესი ადამიანთა მოდგმისათვის უკეთესი მომავლის ფორმირებაზე. 

7. ედ ქათმალი - კრეატიულობა, Inc. (Creativity, Inc.)

ედ ქათმალი ანიმაციური სტუდია პიქსარის თანადამფუძნებელია. თავის წიგნში ის საუბრობს კრეტიულობაზე და თუ როგორ არის შესაზლებელი ყოველმა ჩვენგანმა აღმოაჩინოს საკუთარ თავში შემოქმედებითი ნატურა. წიგნმა პოპულარობა მოიპოვა როგორც რიგით მკითხველში, ასევე სხვადასხვა დონის მენეჯერებში, რომელთაც აინტერესებთ რა დგას პიქსარის კრეატიულობის უკან და როგორ ამოხსნან ამ კრეტიულობის საიდუმლო, რათა მომავალში თავადაც მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების მაღალ დონეზე რეალიზაცია. 

კომენტარები