პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ღარიბაშვილი: 10 წლის განმავლობაში გლეხი გაღარიბდა, სოფელი დაიცალა

საქართველოს პრემიერმინისტრმა პრესკონფერენციაზე ტაბულას ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. კითხვა დღეს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას ეხებოდა. ტაბულას ჟურნალისტმა პრემიერს მისი განცხადებები გაახსენა - ”გასული წელი მართლაც რთული იყო. ეს ავადსახსენებელი კოჰაბიტაცია თუ რაღაც უბედურება იყო და გვიწევდა მუდმივი კინკლაობა. ეს ახლა აღარ არის. ყველა რაიონში უნდა გაიმარჯვოს "ოცნებამ", საწარმოებს გავხსნით ყველა რეგიონში. წლის ბოლომდე ნახავთ, თუ არ დაიძრას ეკონომიკა", აქედან გამომდინარე მსურს გკითხოთ: ეკონომიკა წლის ბოლომდე უნდა დაიძრასო, ამბობთ - ანუ აღიარებთ რომ გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში ეკონომიკა არ დაძრულა? ჩავარდნად მიიჩნევთ გასულ წელიწად-ნახევარს? ოპონენტები ხშირად გახსენებენ გასულ წელს 700 მილიონით გარღვეულ ბიუჯეტს, დაკარგულ სამუშაო ადგილებს, განდევნილ ინვესტიციებს - ამაზე ალ ჯაზირასაც ჰქონდა ორი დღის წინ დიდი სიუჟეტი - უცხოელ ფერმერებს ვიზას აღარ უგრძელებთ და საქართველოს ტოვებენ, რკინიგზის ტვირთბრუნვა მნიშნელოვნად შემცირდა - 2004 წლის ნიშნულზე დაბრუნდა, 2012 წელთან შედარებით, ერთი მილიარდით შემცირდა შიდა ინვესტიციები, მნიშვნელოვნად გაიზარდა საშინაო და საგარეო ვალი”.

პრემიერმა პასუხად განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ეკონომიკა არ არსებობდა, საწარმოები განადგურდა, ხოლო სოფელი და მთა დაიცალა.

”თუ თქვენ გჯერათ, რომ საქართველოში ეკონომიკა იყო რეალურად, თქვენ თუ გგონიათ, ეკონომიკა იყო ის, რომ თქვენი საყვარელი პრეზიდენტი სააკაშვილი ააშენებდა 600-მილიონიან სასახლეს ან 10 მილიონს დახარჯავდა ფეშენებელურ ცხოვრებაში, 10 მილიონს გაფლანგავდა ბიუჯეტიდან საკუთარი კომფორტისთვის, ეს აამოძრავებდა ეკონომიკას და აისახებოდა მშპ-ზე. თქვენ თუ გგონიათ, რომ ეს ეკონომიკაა, ვერ შევთანხმდებით. როცა გონიერი (ასე გეტყვით) პრეზიდენტი მილიარდ ნახევარს დახარჯავს 5 პროექტში, აქედან იქნება სასახლე, მთავრობის სახლი, პარლამენტი, იუსტიციის სახლი, ხიდი და ეს ორი გაუგებარი დანიშნულების შენობა რიყეზე. მოგწონთ ეგ შენობები? რა თქმა უნდა, ეს აისახება ზრდაზე, მაგრამ ჩვენ თუ გვაქვს საუბარი ინკლუზიურ ზრდაზე, იმ სარგებელზე, რომელიც თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს საკუთარ თავზე, ამაზე ვერ შევთანხმდებით, რეალურად, ეკონომიკა საქართველოში არ მუშაობდა. ეკონომიკა არ არსებობდა, იყო გაჩერებული საწარმოები, იყო დანგრეული, დაცლილი სოფელი, იყო დაცლილი მთა, არცერთი საწარმო არ მუშაობდა საქართველოში, რაც მუშაობდა, ყველაფერი გააჩერეს, სოფლის მეურნეობა პრაქტიკულად გაანადგურეს, ბოლო 10 წლის განმავლობაში. გლეხი გაღარიბდა, ეს არის შედეგი. დღეის მდგომარეობით, 85% არის იმპორტირებული საქონელი, თქვენ თუ ამას ეძახით ეკონომიკას, მაშინ ამაზე ვერ ვიკამათებთ”, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

კომენტარები