თეატრი

დასასრულის დასაწყისი

თამარ კიკნაველიძე
0 კომენტარი

ცხრაწლიანი მშენებლობის შემდეგ, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობა (მოცულობა – 5 700 კვადრატული მეტრი, დანახარჯი – დაახლოებით 11 მილიონი ლარი) რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაიხსნება. 600 მაყურებელზე გათვლილი სივრცის ამოქმედება მოვლენაა არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ან თეატრის შემოქმედებითი, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალისთვის, რომელიც წლების განმავლობაში არასახარბიელო პირობებში მუშაობდა, არამედ ზოგადად ქართული თეატრისთვის.

სცენა დავით მღებრიშვილის სპექტაკლიდან „იაპონური ზღაპარი” ფოტო: თამარ ოხიკიანი
შენობის არქიტექტურა (არქიტექტორი ლადო ხმალაძე, მშენებელი იგორ გურჯია – შპს კუნძული) თეატრის მრავალფუნქციურობას განაპირობებს. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რა მისიას დაისახავენ ხელმძღვანელები და რა ინიციატივებს განახორციელებენ მასშტაბური ნაგებობის სრულფასოვნად და მთელი დატვირთვით ასამუშავებლად. შეკითხვებით თენგიზ ხუხიას (დირექტორი, ყოფილი მმართველი) და დავით მღებრიშვილს (სამხატვრო ხელმძღვანელი) მივმართეთ.

შენობა, რომელშიც თეატრი ფუნქციონირებდა, 2005 წელს ეკლესიას გადაეცა. ვინ შეუწყო ხელი იმას, რომ შემოქმედებითი პროცესი არ გაჩერებულიყო და მშენებლობა დაწყებულიყო?

თენგიზ ხუხია: 2005 წლის ნოემბერში, როცა თეატრის შენობა ეკლესიას ოფიციალურად გადაეცა, მის პირველ სართულზე სასულიერო პირები იმყოფებოდნენ, ხოლო მეორეზე – თეატრის წარმომადგენლები. ამან კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა. ჩავერთე თუ არა სიტუაციაში, თეატრის დირექტორად დავინიშნე და ერთობლივი ძალებით მოვახერხეთ დიალოგი როგორც ეკლესიასთან, ისე ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ახალი შენობის მშენებლობა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით დაიწყო.

იმისთვის, რომ თეატრს ცხოვრება არ შეეწყვიტა, თავი შევაფარეთ ძველ კულტურის სახლს, სადაც ფუნქციონირებდა ფოლკლორის სახლი, თოჯინების სტუდია, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები. მაშინ ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა აღნიშნული შენობის თეატრისთვის გადაცემის სურვილი გამოთქვა, რასაც შევეწინააღმდეგე, რადგან არ მინდოდა თეატრი სხვა შემოქმედებითი გაერთიანებების დაღუპვის ხარჯზე გადარჩენილიყო.

რა იყო თქვენი მთავარი ამოცანა?

ფოთის თეატრი რეკონსტრუქციის დროს ფოტო: თამარ ოხიკიანი

მთავარი ამოცანა იყო დაგვემტკიცებინა, რომ ვარსებობთ და შეგვიძლია სპექტაკლების დადგმა, მაყურებლის მოზიდვა და თეატრით დაინტერესება. უპირველესად, უნდა გაერთიანებულიყო დასი, რომელიც ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, გახლეჩილი იყო. პირადად ჩემთვის, რთული აღმოჩნდა სამხატვრო ხელმძღვანელის და რეჟისორის გარეშე მუშაობა. საქმის არასახარბიელო პირობებში დაწყებით (მაშინდელი დაფინანსების, ტექნიკური, მატერიალური თუ ადამიანური რესურსის გათვალისწინებით) არავინ ინტერესდებოდა. ამიტომ ავირჩიეთ რეჟისორების მოწვევის პრინციპი. დაიდგა სპექტაკლები და ფოთის მაყურებელმა დაიწყო თეატრში სიარული. შემდეგ გავედით ფოთის ფარგლებს გარეთ. გასტროლების პარალელურად, ვმონაწილეობდით სხვადასხვა ფესტივალებში, ვიწვევდით ქართველ და უცხოელ რეჟისორებს. აქტიურობის თვალსაზრისით, ფოთის თეატრი რამდენიმე წელიწადში დაწინაურდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის პარალელურად, მიმდინარეობდა ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზით რამდენჯერმე შეფერხდა. ძალიან ბევრი ვიწვალეთ და ვიშრომეთ იმისთვის, რომ რეალური შედეგი მიგვეღო. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა სათითაოდ ყველას, ვინც ამხელა შენობის აშენებაში წვლილი შეიტანა.

რამდენად შეინარჩუნეთ დასი?

ჩემი პირველი დაპირება იყო, რომ შევინარჩუნებდი დასს, მის ძირითად ბირთვს, ყველა საჭირო თანამშრომელს და ერთად შევიდოდით ახალ შენობაში. ვფიქრობ, პირობა არ დამირღვევია. დავიმატეთ „ახალი სისხლი", მაგრამ ისე, რომ უარი არ გვითქვამს ძველზე.

ურთიერთობები დავამყარეთ და დავმეგობრდით მეზობელ თეატრებთან. მაგალითად, ბათუმის თეატრში გასტროლის დროს აღმოვაჩინეთ, რომ თეატრების დაარსებიდან მოყოლებული, ფოთის თეატრი საგასტროლოდ პირველად იმყოფებოდა ბათუმში. ამან დაგვაფიქრა და 2008 წელს გვიბიძგა ჩამოყალიბებულიყო „საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელი", რომლის თავმჯდომარედ მე ამირჩიეს. ფოთის თეატრი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც „ევროპის თეატრების ქსელის" წევრი გახდა. ვმასპინძლობდით ევროპელ კოლეგებს და მათ წარმოდგენლებს როგორც ფოთში, ისე საქართველოს რეგიონებში. მაგალითად, იყო ლიტველების, ნორვეგიელების, პოლონელების, ირანელების გასტროლები თბილისში, ბათუმში, ფოთში, სენაკში, ჭიათურაში, ზუგდიდში და ა.შ.

რამ შეაფერხა თეატრის მშენებლობა?

თანხის ერთიანად აკუმულირება ვერ მოხერხდა. ამაში 2008 წლის ომმაც შეგვიშალა ხელი. იყო პერიოდი, მშენებლობა გაჩერდა და დავიწყეთ ფიქრი, რითი მიგვექცია ყურადღება. გადავწყვიტეთ, მშენებარე თეატრთან გაგვემართა ღონისძიებები, რითაც ცნობილი ადამიანები ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მშენებლობის დასრულების აუცილებლობას შეახსენებდნენ. ერთ-ერთი პირველი იყო ნინო ანანიაშვილი, ჩემი უსაყვარლესი ადამიანი და მეგობარი, რომელმაც ფოთში ბალეტის თეატრის მოცეკვავეებთან ერთად იცეკვა. ამის შემდეგ მხარი „ერისიონმაც" დაგვიჭირა. ორივე შემოქმედებითი გაერთიანების წარმომადგენლებით დაწყებული, უდიდესი მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა. ახალი შენობა, პირველ რიგში, სწორედ მათ უმასპინძლებს. ჩაფიქრებული გვაქვს დავაარსოთ „ქართული თეატრების ფესტივალი". პროექტი მუშავდება და ვიმედოვნებთ, დაფინანსდება.

ფოთის თეატრი რეკონსტრუქციის დროს ფოტო: Tamar Okhikiani
პროფესიული თეატრების შესახებ კანონის ამოქმედებით, გაუქმდა მმართველების ინსტიტუტი და გაძლიერდა სამხატვრო ხელმძღვანელის ფუნქცია. რაში მდგომარეობს თქვენი, როგორც დირექტორის, მოვალეობა?
დედამიწის ზურგზე თუ ვინმეს უნდოდა ჰყოლოდა სამხატვრო ხელმძღვანელი, პირველი ვიყავი. ამის დიდი სურვილი, თავის დროზე, არავის გამოუთქვამს, რადგან პატარა შენობაში და ისეთ პირობებში ვმუშაობდით, რომ ბევრმა შეიკავა თავი. კანონის თანახმად, დღეს უკვე სამხატვრო ხელმძღვანელია პასუხისმგებელი შემოქმედებით პროცესზე, რეპერტუარზე და ა.შ. დავით მღებრიშვილი ფოთის თეატრთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა, ამიტომაც იცნობს თეატრს და მასთან მუშაობა იოლია. ყველა თანამშრომელს მადლობა მინდა გადაუხადო ერთად გატარებული 9 წლისთვის. ახალ შენობას ახალი ძალისხმევა და დიდი შემართება სჭირდება. ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და იმედი მაქვს, ფოთის თეატრი გამორჩეული იქნება საქართველოში.

რას იტყვით თეატრის მნიშვნელობაზე რეგიონში?

დავით მღებრიშვილი: ბოლო დროს ხშირად ისმის შეკითხვა, საჭიროა თუ არა ამდენი თეატრი და ასეთ დროს, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში თეატრის არსებობა. თეატრი ხელს უწყობს ადამიანის განვითარებას, ანალიტიკურ აზროვნებას, მისი გემოვნების ფორმირებას და ა.შ. ამიტომაც, ვერაფრით დავეთანხმები მოსაზრებას, რომ თეატრისთვის არ უნდა იხარჯებოდეს ფული.

გამიმართლა, რომ დავინიშნე ისეთი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, რომელიც მუშაობას ახალ შენობაში გააგრძელებს. ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. მით უფრო, საქართველოში, რომელიც, ჩემი აზრით, თეატრალური ქვეყანა არ არის, მაყურებლის მხრივ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანაში, სადაც ამდენი ნოვატორი რეჟისორი მუშაობდა და მუშაობს, თეატრში სიარულის კულტურა დიდი არ არის. მაყურებელი ხშირად მოუმზადებელია და განათლებითაც არ გამოირჩევა.

ტელევიზიას ხომ არ „ადანაშაულებთ"?

არის ხალხი, რომელსაც ყველაფერი აქვს: ტელევიზორი, კომპიუტერი, აიპადი და ა.შ., მაგრამ წიგნს კითხულობს. საქართველოში განათლება აღარ არის თანმიმდევრული, აკადემიური... იხსნება ახალი უნივერსიტეტები, მაგრამ მძლავრობს ზედაპირულობა და დილეტანტიზმი. ასეა თეატრშიც! თეატრს აკლია კვალიფიციური კადრი. მსახიობობა და რეჟისორობა თუ პროფესია არ არის, მაშინ კარგად არის საქმე, მაგრამ მგონი პროფესიაა და მსახიობი უნდა იყოს მსახიობი, რეჟისორი – რეჟისორი, მხატვარი – მხატვარი, გამნათებელი – გამნათებელი და ა.შ. ამის პრობლემა ფოთის თეატრში გვაქვს და ვცდილობთ ვებრძოლოთ. ყოველდღე ვატარებთ სავარჯიშოებს მსახიობებისთვის. როდესაც მსახიობი სცენაზე გამოდის და ეჯახება დეკორაციას, ეს იმის ბრალია, რომ საკუთარ თავზე არ მუშაობს.

ასეთ შემთხვევაში, რამდენად დაძლევთ „ჰამლეტს", რითაც ახალი შენობის გახსნას გეგმავთ?

ფოთის თეატრი რეკონსტრუქციის დროს ფოტო: Tamar Okhikiani
„ჰამლეტის" დადგმა შეიძლება ნაადრევია, მაგრამ ასეთი დრამატურგიის არჩევანია გზა, რითაც გვინდა, რომ ვიაროთ. უკვე დავდგით ანტონ ჩეხოვის „ალუბლის ბაღი", რომელიც თბილისში, კინომსახიობთა თეატრშიც გვქონდა ჩატანილი და მინდა გითხრათ, თვითონ დრამატურგიამ აჩვენა ბევრ მსახიობს, რას ნიშნავს კარგ დრამატურგიაზე მუშაობა. ამის შემდეგ ვიმუშავეთ „იაპონურ ზღაპარზე", რომელიც მსახიობებთან ერთად დავწერე. ამით მსურდა, მონაწილეებს გაევლოთ სცენის აგების პროცესი, შეეგრძნოთ დრამატურგიული სტრუქტურა და ა.შ. ვცდილობ, მსახიობებს იმ ენით და მეთოდით ველაპარაკო, რომელსაც ჩემი პედაგოგი – მიხეილ თუმანიშვილი იყენებდა. იმაშიც გამიმართლა, რომ ორი სპექტაკლი რობერტ სტურუასთან ერთად გავაკეთე და გავეცანი მეთოდოლოგიას, რითაც მუშაობს. ორივე მათგანმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მსახიობმა ხელობა უნდა იცოდეს და თუ არ იცის, უნდა ისწავლოს.

ამჟამად დასში 21 მსახიობია. სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნისთანავე, მოვამზადე ორი სპექტაკლი და საგანგებოდ დავაკავე ყველა ქმედითუნარიანი მსახიობი. ახლა უკვე ვიცი, ვინ რა ღირს და ვინ როგორ ფლობს პროფესიას. რამდენიმე სტუდენტი მსახიობი ბათუმის ჯგუფიდანაც მივიღეთ. დაამთავრებენ თუ არა სწავლას, შტატში დარჩებიან. მნიშვნელოვანია, რომ ფოთის მერიის დაფინანსებით, ბათუმის უნივერსიტეტში გაიხსნა ჯგუფი, რომელშიც 10 სტუდენტი სამსახიობო ხელოვნებას 4 წლის განმავლობაში ისწავლის. კურსდამთავრებულები მუშაობას ფოთის თეატრში გააგრძელებენ.

ახალი შენობის სივრცე მასშტაბურია იმასთან შედარებით, სადაც წლების განმავლობაში უხდებოდა თეატრის შემოქმედებით და ტექნიკურ პერსონალს მუშაობა. იოლი იქნება ადაპტირება?

ადაპტირების პროცესი თავისთავად მოხდება. სივრცე ყველას უკარნახებს, როგორ იმოქმედოს. გადასვლისთანავე გამოჩნდება, ვინ არის ახალი სივრცის და ახალი მოთხოვნების ადეკვატური. თეატრის ახალი შენობის მშენებლობის დასრულება დაუჯერებელი საჩუქარია არა მხოლოდ ჩემთვის ან თენგო ხუხიასთვის, არამედ ყველა თანამშრომლისთვის. მის გახსნას ძალიან ველოდებით. ვიცით, რომ გვექნება პრობლემები, მაგრამ წინასწარ ვიცი, მთავარი პრობლემა მაინც კვალიფიციური კადრების ნაკლებობასთან იქნება დაკავშირებული. ამას უნდა ვებრძოლოთ და შევქმნათ ისეთი პროდუქცია, რომელიც ხარისხზე იქნება ორიენტირებული.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ფოთის თეატრს, მისი ყოფილი მმართველის დამსახურებით, გავლილი აქვს პროცესები, რომლებიც რეგიონის სხვა თეატრებს ჯერ არ გაუვლიათ. ფოთის თეატრში არ ყოფილია შემოქმედებითი პროცესის წყვეტა, მაშინ როცა, მაგალითად, თელავის თეატრი წლების განმავლობაში გამოკეტილი იყო. ძალიან ხშირად რთულია გამოასწორო ის, რაც შენამდე არასწორად ხდებოდა. ასეთი პრობლემის წინაშე ფოთის თეატრში არ დავმდგარვარ. თეატრი ყოველთვის „ფორმაში" იყო და არსებობს შემოქმედებითი ინერცია, რომელიც რთული ამოცანების დაძლევაში დაგვეხმარება.

ერთ-ერთ ინტერვიუში გერმანელი თეატრის რეჟისორი – თომას ოსტერმაიერი, ჟურნალისტის შეკითხვას, რა არის თქვენი, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელის, მთავარი ფუნქცია, გენიალურად პასუხობს: „ჩემი მთავარი ფუნქციაა, ვიყო თეატრის ყველაზე ცუდი რეჟისორი". აბსოლუტურად ვეთანხმები და შევეცდები მოვიწვიო ისეთი რეჟისორები, რომლებთან თანამშრომლობაც თეატრისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები