პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: ბევრი საქმეა სასამართლოში, წლის ბოლომდე ყველა უნდა იყოს დახურული

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენას უსამართლობით არ დაიწყებდა. პრემიერმა ინტერპრესნიუსის კითხვას უპასუხა, რომელიც პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებას ეხებოდა. საყვარელიძემ სააგენტოსთან საუბარში თქვა, რომ კოალიციას ნაციონალების გასამართლება გაუჭირდა და ამიტომ, შეიქმნა ქართული ოცნების სისუსტის სახიფათო სტერეოტიპი.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს უბრალოდ განცდაა, რომელიც მოიხსნება. მისი თქმით, "რეალური განაჩენი დადგა ვანო მერაბიშვილზე, ბაჩო ახალაიაზე და სხვა ადამიანებზე, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს, რეალურად, პოლიტიკის განსაზღვრელები იყვნენ ანუ დამტკიცდა, რომ ისინი იყვნენ კრიმინალები". პრემიერის თქმით, "მათი განაჩენები უცხოელებმაც კი ნახეს და ვერაფერი ვერ თქვეს, იმდენად გამართული საქმეებია, ჩვენ ყველაფერი კანონიერად გავაკეთეთ". 

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ეჭვები და კითხვები ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ამას მთავრობა ხელოვნურად არ მოაგვარებს. მისი თქმით, ძალიან ბევრი გამოძიება არის პროცესში და სასამართლო ორ დღეში ვერ გამოიტანს განაჩენს.

"ეს მოგვარდება, ცოტა დრო სჭირდება კიდევ. ბევრი საქმეა სასამართლოში წასული, ამ საქმეებზე განაჩენი დადგება ძალიან მალე, უახლოესი თვეების განმავლობაში, მიმაჩნია, რომ წლის ბოლომდე ყველა ეს საქმე უნდა იყოს დახურული; რა ინფორმაციაც მაქვს პროკურატურიდან და სამართალდამცავი ორგანოებიდან, ველოდებით, რომ წლის ბოლომდე ბევრ საქმეზე რეალური განაჩენი დადგება და მოიხსნება განცდა, რომ ვიღაცა რაღაცას არ აკეთებს. სასამართლოც დადგება ღირსეულ სიმაღლეზე", - დასძინა მან.

პრემიერის თქმით, "თუ ვინმეს იმის განცდა ჰქონდა, რომ ათასობით ადამიანს დავიჭერდით, ეს არასწორია". მისი შეფასებით, წინა ხელისუფლების დროს, სასამართლო იყო დამონებული ინსტიტუტი და მოსამართლე არ იყო დამოუკიდებელი ადამიანი.

"ის იყო მხოლოდ ტექნიკური შემსრულებელი. ამის ერთი ხელით მოგვარება როგორ წარმოგიდგენიათ? ყველა დანაპირები შევასრულეთ და შევასრულებთ მეტს. ის, რაც ბატონმა ბიძინამ გააკეთა, არის ქვეყნის დალაგების რეალური მცდელობა და ამას ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი თუ ერთ დღეში აღმასრულებელი სასამართლო? ამაზე გავატარეთ რეფორმები, მოსამართლეებს გაუჩნდათ თავისუფლების განცდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ "ჩვენ ყველაფერს კანონიერად ვაკეთებთ და თუ ვიღაცას კანონიერების დაცვა სისუსტედ მიაჩნია, მაშინ აქ საუბარი აღარ არის დემოკრატიაზე. მაშინ მივიღებთ იმას, რაც იყო მიშას დროს. თუ ეს გვინდა, ესეც შეგვიძლია, არც ეს არის რთული. ძალადობა ყველაზე მარტივია და ყველაზე რთულია, ქვეყანა დემოკრატიულად და კანონიერად მართო. სისუსტე არის ძალადობა, მინდა ვუპასუხო იმ ექსპერტს, რომელმაც ეს შეფასება გააკეთა. სისუსტე ის კი არ არის, რომ სახელმწიფო კანონიერად მოქმედებს, ეგ არის სიძლიერე და სუსტის ქმედება არის ძალადობა, რასაც სააკაშვილი აკეთებდა".

კომენტარები