აფხაზეთი

ფანჯიკიძე აფხაზეთის მოვლენებზე: ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა ახლა საჭირო არ არის

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება ახალი თემა არ არის. ფანჯიკიძემ ჩეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მთავრობა აკვირდება სიტუაციას აფხაზეთში, აქვს გარკვეული მოსაზრებები და ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა ახლა საჭირო არ არის. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრი გუშინ ამბობდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შიდადაპირისპირების გამწვავება შესაძლოა, გარედან მართული პროცესი იყო და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას უკავშირდებოდეს. მას შემდეგ, რაც დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილებაა და ამ ეტაპზე, არ არის საჭირო "ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა", პოზიცია მაია ფანჯიკიძემაც შეცვალა.

"ის, რომ დაპირისპირება დე ფაქტო ხელისუფლებასა და დე ფაქტო ოპოზიციას შორის არსებობდა, ახალი თემა არ არის, ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცით. ახლა იქ სიტუაციის შეცვლა რას უკავშირდება, ამის თქმა გაგვიჭირდება, ვაკვირდებით სიტუაციას აფხაზეთში, გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, ანალიზი ამის თაობაზე და ვფიქრობ, რომ ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა ახლა საჭირო არ არის. ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას 27 ივნისს უნდა მოვაწეროთ ხელი და ძალიან ხშირად ვიმეორებთ, რომ მივესალმებით რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ არ ჩაერევიან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში. ეს განცხადება სწორედ პრაღაში გაკეთდა, აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ კარასინის მიერ, ეს არის ძალიან კარგი განცხადება და იმედი მაქვს, რომ 27 ივნისამდე ყველაფერი მშვიდად წარიმართება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები