რუსული ოკუპაცია

GNCC: რუსეთი საერთაშორისო ხელშეკრულებებს სატელეკომუნიკაციო სფეროშიც არღვევს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
www.facebook.com/pages/კომუნიკაციების-ეროვნული-კომისია/

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის რუსული სატელეფონო კოდების ოფიციალურად მინიჭების საკითხს ეხმაურება. კომისიის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის კავშირგაბმულობის კომიტეტსა და რუსეთის მასობრივი კომუნიკაციებისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმების მიხედვით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნომრები დაიწყება კოდით - 7, ფიქსირებული კავშირის კოდი იქნება 850, მობილური კავშირისთვის – 998.

"სააგენტო რეისის ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეთანხმება მანამდე იმოქმედებს, ვიდრე ე.წ. სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირში (ITU) არ გაწევრიანდება და საკუთარი საერთაშორისო კოდი არ მიენიჭება. ITU გაერო-ს ინფორმაციისა და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალური სააგენტოა, რომლის წევრიც საქართველო 1993 წლიდან არის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, როგორც გაერო-ს, ასევე საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულია, მას შემდეგ, რაც საქართველო 1992 წელს გახდა გაერო-ს წევრი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის ქმედებით კიდევ ერთხელ ირღვევა საერთაშორისო ხელშეკრულებები, ამჯერად სატელეკომუნიკაციო სფეროში. ე.წ სამხრეთ ოსეთის გაწევრიანება ამ ორგანიზაციაში, დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით, საქართველოს თანხმობის გარეშე, შეუძლებელია", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კიდევ ერთხელ მიმართავს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს (ITU) წერილობით და ამ უკანონობის შესახებ აცნობებს.

კომენტარები