რასმუსენის განცხადება

რასმუსენი: ივნისის ბოლომდე საქართველოს შესახებ მოხსენებას მოვისმენთ

NATO-ში საქართველოს გაწევრიანების კონკრეტული გეგმა ალიანსში არ განხილულა, ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებზე NATO-ს წევრი ქვენების საგარეო საქმეთა მინისტრები ივნისის ბოლოს იმსჯელებენ. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრისა და NATO-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რასმუსენმა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესისა და ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის შესახებ ხაზგასმით ისაუბრა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა კონკრეტული პასუხი ვერ გასცა კითხვას - შესაძლებელია თუ არა, ალიანსმა საქართველოს გაწევრიანების ალტერნატიული გზა, MAP-ის მიღების გარეშე შესთავაზოს. 

„იმის თქმა არ შემიძლია, საქართველო NATO-ში როდის გაწევრიანდება. დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტულ გეგმაზე არ გვიმსჯელია. ჩვენ საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და ქვეყანაში გატარებული რეფორმები ხაზგასმით აღვნიშნეთ. მაგრამ, გვესმის, რომ წინ ბევრი სამუშაო გვაქვს. სამიტზე გადავწყვეტთ, ღია კარის პოლიტიკას როგორ განვახორციელებთ. ივნისის ბოლომდე საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან, რომლებიც თითოეული ასპირანტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს შესახებ მოხსენებებს მოისმენენ და ღია კარის პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებას ამის საფუძველზე მიიღებენ. ჯერჯერობით ამ საკითხის შესახებ საუბარი ნაადრევია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს პროგრესი სამიტზე სათანადოდ შეფასდება“, - თქვა რასმუსენმა.    

კომენტარები