ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

http://lubomirzaoralek.cz

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ლუბომირ ზაორალეკს შეხვდა. პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი როგორც უსაფრთხოების, ისე შიდა დემოკრატიასთან მიმართებით.

"მოხარულები ვართ, რომ ეს მხარდაჭერა, რომელსაც წლების წინ ჩაეყარა საფუძველი, გრძელდება და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი არის ამის გაგრძელება. ჩვენ გვქონდა დისკუსია მთელი რეგიონისთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე. ვისაუბრეთ უკრაინის ფონზე უსაფრთხოების თემაზე, NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასა და შიდა ვითარებაზე, რომელიც არის კავშირში ამ ყველაფერთან", - განაცხადა ბოკერიამ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის შეფასებით კი, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ ძალასთან მნიშვნელოვანია.

"მინისტრმა როგორც აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციისთვის იყოს კონკურენციის გარანტირებული თანაბარი პირობები, რასაც ვერ ვხედავთ. იგი დაინტერესდა ასევე შერჩევითი სამართლით და იმ დემოკრატიული უკუსვლით, რასაც ადგილი აქვს საქართველოში. სამწუხაროა, რომ დასავლელ ლიდერებს თბილისში ვიზიტის დროს, უხდებათ თავისი დროის ნაწილის ხარჯვა იმაში, რომ აუხსნან მთავრობას დემოკრატიული პოლიტიკური კონკურენციის ანაბანა და საფუძვლები, რაც ისედაც უნდა იცოდეს ნებისმიერმა მთავრობამ, თუ მას აქვს დემოკრატიული ქვეყნის აშენების პრეტენზია. სამწუხაროდ, ამას საქართველოში ვერ ვხედავთ", - განაცხადა კანდელაკმა.

 

კომენტარები