დევნილები

კანდელაკი: რეალურად, მთავრობის სათქმელი გაეროს რეზოლუციას ეწინააღმდეგება

timer.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დევნილთა დაბრუნების უფლების შესახებ ყოველწლიური რეზოლუციის მხარდაჭერამ გაერო-ში წელს პროგრესი განიცადოს. თუმცა, კანდელაკის შეფასებით, რეალურ დიპლომატიურ ფრონტზე, საქართველოს მთავრობის სათქმელი აღნიშნული რეზოლუციის პათოსის საწინააღმდეგოა.

"ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ დევნილთა დაბრუნების შესახებ რეზოლუციას წელს მეტმა ქვეყანამ დაუჭიროს მხარი, ვიდრე შარშან. უფრო ნაკლები ქვეყანა წავიდეს წინააღმდეგ, ვიდრე შარშან. მაგრამ სამწუხაროდ, რეალურ დიპლომატიურ ფრონტზე, ჩვენი მთავრობის სათქმელი არის ამ რეზოლუციის პათოსის საწინააღმდეგო. მთავრობა ყველა საერთაშორისო მაღალი დონის ფორუმსა თუ შეხვედრაზე ამბობს, რომ თურმე, "ჩვენ დავალაგეთ ურთიერთობა რუსეთთან და პრობლემა აღარ გვაქვს", რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პრაქტიკული ზიანის მომტანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის" - აცხადებს კანდელაკი.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუცია დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გადის. ეს საქართველოსთვის შესასრულებლად არასავალდებულო მე-7 რეზოლუციაა. მსგავს რეზოლუციას გაეროს გენერალური ასამბლეა 2008 წლის შემდეგ ყოველწლიურად იღებს. დოკუმენტი აღიარებს ყველა დევნილისა და იძულებით გადაადგილებული პირის უფლებას, დაბრუნდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ამასთან, 36 არასამთავრობო ორგანიზაცია გაეროს წევრ სახელმწიფოებს მიმართავს და სთხოვს, აღნიშნულ რეზოლუციას მხარი დაუჭიროს. ერთობლივ განცხადებაში დოკუმენტის მნიშვნელობის შესახებ არის საუბარი. მიმართვის ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ია.

ცნობისთვის, შარშან რეზოლუციას მხარი 62-მა ქვეყანამ დაუჭირა, 16-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 84-მა ქვეყანამ თავი შეიკავა. 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს 2-ით გაიზარდა მხარდამჭერთა რიცხვი, 1-ით (ბელარუსი) მოიმატა მოწინააღმდეგეთა რაოდენობამ, ხოლო 2-ით მეტმა ქვეყანამ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა.

კომენტარები