გოგორიშვილი: კანდიდატის მოხსნა პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვთხოვა

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, რომ მასთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ნაციონალურ მოძრაობას მარნეულში გამგებლობის საკუთარი კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნას სთხოვდა.

„იძულებული ვარ საჯაროდ განვაცადო - მე, ხათუნა გოგორიშვილს, პარლამენტის წევრს, მიდინარე წლის 12 მაისს მქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, თბილისში, იუსტიციის სახლში. რომელმაც გადმომცა მთავრობის დანაბარები... ხომ არ ვიფიქრებდით მოგვეხსნა მარნეულში კანდიდატურა და არ ეყარა ჩვენს კანდიდატს კენჭი. მან ეს ახსნა იმით, რომ ზუსტად იცოდნენ, რა მხარდაჭერა აქვს და რამდენად ძლიერია ჩვენი კანდიდატი. მას შემდეგ რაც ჩემგან უარი მიიღო, ჩვენი შეხხვედრა დასრულდა", - განაცხადა გოგორიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი-2-ს ეთერში.

დეპუტატის თქმით, მან უსუფაშვილს პირობა მისცა, რომ კანდიდატის გარშემო სიტუაციის გართულების შემთხვევაში ამ ფაქტს გაასაჯაროებდა.

გოგორიშვილი მიიჩნევს, რომ მარნეულში აკმამედ იმამყულიევის არჩევნებიდან მოხსნა ირაკლი ღარიბაშვილის მუქარის ასრულებას წარმოადგენს იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება არცერთი სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას არ დაუშვებს და ამ პროცესში მთელი სახელწმიფო მანქანა არის ჩართული. დეპუტატი აცხადებს, რომ იმამყულიევზე ზეწოლას, რათა მას კანდიდატურა თავად მოეხსნა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალი მამედოვი და სხვადასხვა თანამდებობის პირები ახორციელებდნენ.

გოგორიშვილის თქმით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება უკანონოდ, დადგენილი ვადების დარღვევით იქნა მიღებული და ნაციონალური მოძრაობა მის გასაჩივრებას აპირებს.

 

კომენტარები