ენმ მარნეულის საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას დღეს ცესკოში გაასაჩივრებს

primetimenews.ge

მარნეულში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატისთვის რეგისტრაციის გაუქმების საკითხს დღეს უწყებათაშორისი კომისია განიხილავს. ამასთან, საარჩევნო ბლოკი მარნეულის საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას ცესკო-ში გაასაჩივრებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ქვეყანაში არსებული შერჩევითი სამართალის უშუალო კოორდინატორი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილია. როგორც ენმ-ის სამოქალაქო-საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, თუ საქართველოს პრემიერი რეალურად აპირებს საქმის გამოძიებას, "ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, ძალიან საჯაროდ და გამჭვირვალედ ითქვას ის გარემოებები, რა გარემოებებშიც პარლამენტის თავმჯდომარე ესაუბრებოდა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს, რომ ჩვენს გამგებლობის კანდიდატს მოეხსნა კანდიდატურა. სამწუხარია, რომ მან მოხსნის ერთ-ერთ მიზეზად დააახელა ეთნიკური ნიშანი".

საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით კი, დაძაბულობა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებიდან მომდინარეობს, როცა მან თქვა ოზურგეთში - "ჩვენ არ დავუშვებთ, ქართულმა ოცნებამ სადმე წააგოს". 

"თუ საუბარია გამოძიებაზე, გამოვიძიოთ, საიდან დაიწყო ეს პროცესები, რატომ მივიდა ქართული ოცნების დეპუტატი იმამკულიევთან, კიდევ ვინ მაღალი თანამდებობის პირი იყო მისული იმამკულიევის საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ადამიანთან, რა ზეწოლა ხორციელდებოდა საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე, რატომ მიიღო საოლქო კომისიის თავმჯდომარემ დაგვიანებით საჩივარი ერთ-ერთი არასამთავრობოსგან, რომელსაც აქამდე არასდროს უაქტიურია მსგავს საკითხებზე. და რატომ მივიდა ისე სწრაფად შსს-დან წერილი, როცა, როგორც წესი, დეპუტატის წერილს აგვიანებენ და თვე-ნახევარი სჭირდება. აქ იყო, ფაქტობრივად, ქართული ოცნების გადაწყვეტილება, რომ მარნეულში მათ კონკურენტი არ ჰყოლოდათ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გუშინ საღამოს განკარგულებით, ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი რეგისტრაციიდან მოიხსნა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მარნეულში ჩავიდნენ, სადაც საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ამის გამო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავის განცხადებაში შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა „გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედებას" ცდილობდა. ამასთან, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს მოუწოდა, მარნეულში გუშინ მომხდარი ფაქტის გამოძიება პირადად გააკონტროლონ.

კომენტარები