ჭიკაიძე მარნეულის ინციდენტზე: ყველა დამნაშავე არჩევნების შემდეგ დაისჯება

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, მარნეულში გუშინ მომხდარ ფაქტში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრის გამოცხადებული წინასაარჩევნო მორატორიუმი გავრცელდება. როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჭიკაიძემ თქვა, პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება, თუმცა დამნაშავეების შესახებ საზოგადოება სწორედ არჩევნების შემდეგ შეიტყობს. 

"გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება გუშინვე დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მორატორიუმია გამოცხადებული, წინასწარ არაფერს ვიტყვით. არჩევნების შემდეგ, ყველა, ვინც კრიმინალურ ქმედებაში მიიღო მონაწილეობა, პასუხისგებაში მიეცემა", - განაცხადა ჭიკაიძემ და აღნიშნა, რომ გამოკვეთილია კონკრეტულ ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრის, ასევე ხულიგნობის ფაქტები. გარდა ამისა, ჭიკაიძის თქმით, უწყებას ცესკო-მაც მიმართა, რომელიც მასზე ზეწოლაზე საუბრობს. 

ცნობისთვის, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გუშინ საღამოს განკარგულებით, ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი რეგისტრაციიდან მოიხსნა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მარნეულში ჩავიდნენ, სადაც საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ამის გამო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავის განცხადებაში შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა „გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედებას" ცდილობდა. ამასთან, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს მოუწოდა, მარნეულში გუშინ მომხდარი ფაქტის გამოძიება პირადად გააკონტროლონ.

კომენტარები