საყდრისი-ყაჩაღიანი

საია: საყდრისზე კომისიის დასკვნა სავალდებულო დოკუმენტს არ წარმოადგენდა

news.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სტატუსის მოხსნაზე 11-კაციანი კომისიის დასკვნა სავალდებულოდ გასათვალისწინებელი ხასიათის დოკუმენტს არ წარმოადგენდა. კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა.

საია-ს კვლევაში საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ დარღვევებზეც არის საუბარი. კერძოდ, კვლევაში აღნიშნულია, რომ საყდრისი-ყაჩაღიანთან, როგორც ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიზნით, 2013 წლის 28 მაისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 11-კაციანი კომისიის შექმნა წინააღმდეგობაში მოდის "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონთან. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კომისია გასცდა მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და იმსჯელა ისეთ თემებზე, რომელთა შესახებაც მსჯელობა კომისიისთვის არავის დაუვალებია.

"11-კაციანი კომისიის დასკვნა, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხრიდან საყდრისი-ყაჩაღიანისთვის ძეგლის სტატუსის ბათილად ცნობის საფუძველი გახდა, არ წარმოადგენდა სავალდებულოდ გასათვალისწინებელი ხასიათის დოკუმენტს. შესაბამისად, სამინისტროს თავისუფლად შეეძლო, კომისიის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში ასახული მტკიცებულებების მართებულობა, კომპეტენციის ფარგლებში, გადაემოწმებინა როგორც სამინისტროში არსებული - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს - საშუალებით, ასევე, უშუალოდ ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებთან. თუმცა, კომისიის დასკვნის გადამოწმება არ მომხდარა", - წერია საია-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში.

საია-ს განცხადებით, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების მიზნით, სამინისტროს მიერ შპს RMG Gold-ზე გაცემული დადებითი დასკვნის მომზადების დროს არსებითად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესები. სამინისტრომ ისე მისცა RMG Gold-ს საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება, რომ მხედველობაში არ მიიღო და არ შეაფასა სამინისტროს სისტემაში არსებული არქეოლოგიური სექციის დასკვნა.

"სამართალდამცავ ორგანოებს არ გაუტარებიათ ქმედითი და ეფექტური ღონისძიებები საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყების და კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით", - ამბობენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

კომენტარები