ლუის ნავარო

ლუის ნავარო: ხალხს მთავრობა ნაკლებად მოსწონს, მაგრამ უკეთეს ალტერნატივას ვერ ხედავს

 თუ შეიძლება, პოლიტიკური აქტორების რეიტინგების შესახებ ზოგადი დაკვირვებები გაგვიზიარეთ.

ზოგადად რომ ვთქვათ, ქართული ოცნება ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალად რჩება ქვეყნის მასშტაბით. ნაციონალური მოძრაობა კი ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად. რამდენიმე ქალაქში – თბილისი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი – მეორე ტურის ალბათობა უფრო მაღალია. კეთილგანწყობები ინდივიდების დიდი ნაწილის მიმართ შემცირებულია წინა კვლევასთან შედარებით.

ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველი პარტიის საქმიანობის დადებითი შეფასება 25%-ით შემცირდა, განახევრდა წინა კვლევასთან შედარებით. ამავდროულად, ეს არ ასახულა ქართული ოცნების საარჩევნო რეიტინგზე. როგორ ახსნით ამას?

ირაკლი ალასანიას და ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგები, ისევე როგორც უსუფაშვილის რეიტინგი, 10 პროცენტზე ნაკლებით შემცირდა. ანუ ხელისუფლების პირველი პირების რეიტინგები შედარებით ნაკლებადაა შემცირებული.


ელექტორალურ კონკურენციასთან მიმართებით განსხვავებები შეგვიძლია ნათლად დავინახოთ განწყობების კვლევაში, რომელიც უფრო ადრე, ორშაბათს გამოქვეყნდა. კითხვაზე, ახორციელებს თუ არა მთავრობა თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, მყარი უმრავლესობა დადებითად პასუხობს. გაცილებით ნაკლები – დაახლოებით 25% ფიქრობს, რომ საპარლამენტო ან არასაპარლამენტო ოპოზიცია განახორციელებდა მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს.

აქედან შეგვიძლია დავასკვნათ – მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დადებითი შეფასება მნიშვნელოვან მიმართულებებზე დავარდა, ასევე შემცირდა დადებითი განწყობა მთავრობის წარმომადგენელთა მიმართ, ხალხი უკეთეს ალტერნატივას ვერ ხედავს – ალტერნატიულ ძალას, რომელიც უკეთ მიხედავდა საკითხებს, რომლებიც აწუხებთ.

კი, მაგრამ წინა კვლევას თუ შევადარებთ, დადებითი პასუხი კითხვაზე „ახორციელებს თუ არა მთავრობა თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს", მნიშვნელოვნად შემცირებულია. დაახლოებით 20 პროცენტით. 70%-ზე მეტი იყო 6 თვის წინ.

კი, მაგრამ მაინც მყარი უპირატესობა აქვთ. 55% ბოლო კვლევაში.

განსაკუთრებით თვალში მოსახვედრია ივანიშვილისადმი კეთილგანწყობის მნიშვნელოვანი ვარდნა. რით ახსნით იმას, რომ ივანიშვილისადმი კეთილგანწყობა ოცზე მეტი პუნქტით შემცირდა? ჩემი დაკვირვებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველი შემთხვევაა, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი მის მოქმედებებს მხარს არ უჭერს.

ცალსახა პასუხი არ მაქვს იმაზე, რამ განაპირობა ეს ვარდნა. როგორც ორშაბათს გამოქვეყნებულ განწყობების კვლევაში გამოჩნდა, ხალხს არ მოეწონა მის მიერ პრეზიდენტ მარგველაშვილის კრიტიკა. ხალხი თვლის, რომ გადაწყვეტილებებს მთავრობის სახელით ის იღებს და, ამავდროულად, არ იწონებს ამ ფაქტს. შესაძლოა, ამ ფაქტორებმა განაპირობა ივანიშვილის პოპულარობის ვარდნა, მაგრამ ცალსახად ამას ვერ ვიტყვი.

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ნიკა მელიას რომ შევეხოთ – როგორც ცნობილია, კვლევა ჩატარდა 26 მარტიდან – 18 აპრილამდე ინტერვალში. ეს სწორედ ის დროა, როდესაც ნიკა მელია საზოგადოების წინაშე წარდგა. ფიქრობთ თუ არა, რომ მელიას აქვს პოტენციალი, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები წაიღოს (მათი წილი 20 პროცენტზე მეტია) გამომდინარე იქიდან, რომ მას ამომრჩეველი კარგად არ იცნობდა, როდესაც კვლევა ჩატარდა?

სამი ფაქტორია გასათვალისწინებელი ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში თბილისში.

პირველი, თუ ნაციონალური მოძრაობის საკრებულოსთან დაკავშირებულ მხარდაჭერას შევხედავთ, დავინახავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა რეგიონებში უფრო ძლიერია, ვიდრე თბილისში. ანუ მათ თბილისის მიღმა უფრო დიდი ძალა აქვთ. ეს მელიას ერთი გამოწვევაა.

მეორე ისაა, რომ მას მოსახლეობა კარგად არ იცნობს – ეს კარგად ჩანს კეთილგანწყობის რეიტინგებში – ნარმანიასთან, კუკავასთან და გაჩეჩილაძესთან შედარებით (ლორთქიფანიძე ვერ ჩავსვით, იმიტომ რომ კვლევის დაწყებისთვის ის ნომინირებული არ იყო). მისი მხარდაჭერა ძირითადად ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერას ეფუძნება. მას სხვა ტიპის გამოწვევა აქვს. ის უფრო ცნობილი უნდა გახდეს და უნდა გააფართოოს ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა დედაქალაქში.

ლუის ნავარო
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე
და კიდევ ერთი, ბურჯანაძის კოალიცია სტატისტიკურად ძალიან ახლოსააა ნაციონალურ მოძრაობასთან თბილისში. ამ კვლევის მიხედვით, ბურჯანაძემ შეიძლება მეტოქეობა გაუწიოს ნაციონალურ მოძრაობას მეორე ადგილისთვის ბრძოლაში.

ნარმანიას გამოწვევა სხვანაირია – მისი მხარდაჭერა ჩამორჩება იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც ქართული ოცნებას უჭერენ მხარს, ასე რომ, მან მხარდაჭერის კონსოლიდაცია ქართული ოცნების მომხრეებს შორის უნდა მოახდინოს და დამატებით 11 პროცენტი აიღოს, რომ მეორე ტური თავიდან აიცილოს.

მოსახლეობის განწყობებზე ვისაუბროთ. თქვენი ზოგადი შეფასება მაინტერესებს, ახალი რა გამოიკვეთა წინა კვლევასთან შედარებით?

ცალსახაა, რომ საზოგადოება უფრო ნეგატიურად აფასებს ქვეყნის განვითარების მიმართულებას, დემოკრატიის განვითარებას. ამ მიმართულებით მაჩვენებლები წინა კვლევასთან შედარებით შემცირდა. წინააღმდეგობრივია მათი დამოკიდებულება ეკონომიკურ მდგომარეობასთან და 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მათი და მათი ოჯახების მდგომარეობასთან მიმართებით.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ აისახა ეს უკმაყოფილება საარჩევნო რეიტინგებზე – ამ ეტაპზე ხალხი ალტერნატივას ვერ ხედავს ვერც საპარლამენტო და ვერც არასაპარლამენტო ოპოზიციაში და არ ჰგონია, რომ ისინი უკეთ შეძლებენ მათთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას.

თუ დავაკვირდებით კვლევის იმ სლაიდს, სადაც კითხვა ეხება იმას, თუ რომელი პოლიტიკური ძალა შეძლებს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას, 50% და ზოგიერთ შემთხვევაში მეტი, მაინც ქართულ ოცნებას ასახელებს. 50% პროცენტზე ნაკლებია მოლოდინი, რომ ქართული ოცნება მოაგვარებს ისეთ საკითხებს, როგორიც არის სიღარიბე, ფასების ზრდა და ინფლაცია და NATO-ში გაწევრიანება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელისუფლებით ფრუსტრაცია დიდია, მაგრამ ვერც საპარლამენტო და ვერც არასაპარლამენტო ოპოზიცია ამით ვერ სარგებლობს. ნაციონალურ მოძრაობაზე რომ ვისაუბროთ – რა შეცდომას უშვებენ ისინი? რატომ ვერ ახერხებენ მოსახლეობის უკმაყოფილებაზე კაპიტალიზაციას?

როგორც ხედავთ, დიდი განსხვავებაა ნაციონალური მოძრაობის ოფიციალური ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის მხარდაჭერას შორის. ბაქრაძის მხარდაჭერა სააკაშვილისას ორჯერ აღემატება. ვფიქრობ, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პოტენციალზე გარკვეულ გავლენას ახდენს ის, რომ ხალხი ნაციონალურ მოძრაობას მიშა სააკაშვილის პარტიად ხედავს და არა დავით ბაქრაძის.

ანუ თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რომ დავით ბაქრაძესთან ასოცირდებოდეს და არა მიშა სააკაშვილთან, ნაციონალურ მოძრაობას მეტი შანსი ექნებოდა ხელისუფლებისადმი უკმაყოფილების თავის სასარგებლოდ გამოყენების?

თუ რიცხვებს დავეყრდნობით, ასეა. ბაქრაძე ოპოზიციის ყველაზე პოპულარული ლიდერია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა თვისებებსაც ამომრჩეველი დავით ბაქრაძეში ხედავს, იმ თვისებების ნაციონალურ მოძრაობაში დანახვა ამ პარტიას დაეხმარება.

მე ვერ მოვახდენ იმის ინტერპრეტაციას, თუ როგორ აღიქვამს ქართველი ხალხი დავით ბაქრაძის თვისებებს, მაგრამ ნებისმიერ დამკვირვებელს შეუძლია დაინახოს, სულ ცოტა, სტილისტური განსხვავებები დავით ბაქრაძესა და მიშა სააკაშვილს შორის.

მოსახლეობის პრიორიტეტები წლებია, ფაქტობრივად, არ იცვლება. ხალხს ყველაზე მეტად ანაღვლებს უმუშევრობა, ტერიტორიული მთლიანობა, სიღარიბე. ხელისუფლება ხშირად უთითებს, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა დასჯა საზოგადოების დაკვეთით ხდება. მოსახლეობის პრიორიტეტებში მე ვერ ვხედავ ეგრეთ წოდებულ სამართლიანობის აღდგენას. ეს უკანასკნელი პრიორიტეტების ათეულშიც კი ვერ ხვდება. რა გამოდის, ხელისუფლება რასაც ამტკიცებს, ის არ შეესაბამება მოსახლეობის განწყობას?

მოსახლეობა პრიორიტეტებს ყოველთვის იმის მიხედვით ასახელებს, რაც ყველაზე მეტად ეხება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დადებითად არ აფასებენ იმ საკითხებს, რასაც ნაკლებად პრიორიტეტულად მიიჩნევენ. მაგალითისთვის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება ავიღოთ. ეს საკითხები არ არის მაღლა პრიორიტეტთა შორის, მაგრამ 70 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა აქვს. შეიძლება რაღაც არ იყოს პრიორიტეტი, მაგრამ ხალხი მაინც მხარს უჭერდეს.

ჩვენ დავუსვით ხალხს შეკითხვა, რას ნიშნავს მათთვის წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა სისხლისსამართლებრივი დევნა და ორი შესაძლო პასუხი მივეცით: ერთი, რომ ისინი ანგარიშვალდებულნი არიან კანონის წინაშე, მეორე – პოლიტიკური შურისძიება. უმეტესობამ კანონის წინაშე ანგარიშვალდებულების სასარგებლოდ გასცა პასუხი.

ანგარიშვალდებულების თემა სხვა კითხვებზე პასუხებშიც იკითხება, მაგალითად, ჩვენ დავსვით კითხვა კამპანიის „ეს შენ გეხება" თაობაზე. ამ კამპანიის შესახებ ინფორმირებულობასთან დაკავშირებით პასუხი ორ თანაბარ ნაწილად გაიყო, მაგრამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი უმრავლესობა ამ კამპანიას მხარს უჭერს. ვფიქრობ, ესეც საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების სურვილის გამოხატულებაა.

იგივე შეიძლება ითქვას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ შეკითხვებზეც. ხალხი მას ცალსახად აღიქვამს, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირს და, ამავდროულად, არ ამართლებს მის მიერ კანდიდატად შერჩეული პრეზიდენტის კრიტიკას და არც იმას, რომ გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს. ყველა ამ საკითხს საერთო აქვს ის, რომ ხალხს მეტი საჯარო ანგარიშვალდებულება სურს.

შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ხალხის დაკვეთა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით არ არსებობს? იმის მიუხედავად, რომ უმეტესობა ამას შეიძლება პოზიტიურად აღიქვამდეს?

ჩვენ „სამართლიანობის აღდგენის" შესახებ არ გვიკითხავს. როგორც ვიცი, სხვა ორგანიზაციებმა იკითხეს და შედეგები ერთიდან სამ პროცენტამდე მერყეობს. იმ ფოკუსჯგუფებში, რაც ჩვენ გაგვიკეთებია, და ბევრი გაგვიკეთებია, სამართლიანობის აღდგენა, როგორც პრობლემა, არასოდეს იკვეთება. ამიტომ არ შეგვაქვს ის შესაძლო პრიორიტეტების ნუსხაში.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, კვლევის მიხედვით, საზოგადოების დიდი ნაწილი ნორმად მიიჩნევს იმას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და ზოგადად პოლიტიკოსები პასუხს აგებდნენ კანონის წინაშე. ფიქრობთ თუ არა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებისადმი მოსახლეობის უკმაყოფილებაზე კაპიტალიზაციას ვერ ახერხებს, ისიცაა, რომ ისინი ბევრ დროს უთმობენ საკუთარი თანაგუნდელების პოლიტიკურ დევნაზე ჩივილს და შედარებით ნაკლებს იმ საკითხებს, რაც მოსახლეობას პრიორიტეტად მიაჩნია – იქნება ეს უმუშევრობა, ტერიტორიული მთლიანობა, პენსიები, სიღარიბე, ჯანდაცვის რეფორმა და ა. შ.

შესაძლებელია, თუმცა ჩვენს კვლევებზე დაყრდნობით გადაჭრით ვერ გიპასუხებთ, ეს მართალია თუ არა. ამის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა სპეკულაციებს მოვერიდები.

ადგილობრივ საკითხებზე რომ ვისაუბროთ, ვიცით, რომ სოფლის მეურნეობა ის სფეროა, სადაც ივანიშვილმა საკუთარი ფული ჩადო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ქართული ოცნების კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ სოფლის მეურნეობისთვის გაკეთებული სიკეთეებია, როგორც ისინი თვლიან. ამის მიუხედავად, ხალხის რაოდენობა, რომელიც მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემცირებაა, ხუთჯერ გაიზარდა. 6 თვის წინ 4 პროცენტი თვლიდა ასე, ახლა 19 პროცენტი თვლის.

თქვენ შეგიძლიათ კვლევის სხვა ნაწილი ნახოთ – მაშინ, როდესაც მოსახლეობა სოფლის მეურნეობის რეფორმას სამ ძირითად პრიორიტეტს შორის ასახელებს, მათი მოლოდინი, რომ ის განხორციელდება, მნიშვნელოვნადაა შემცირებული. უმეტესობა არ ელის, რომ ის განხორციელდება.

14 პროცენტით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ დანაშაულმა იმატა. იყო 21 პროცენტი, ახლა არის 35. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ პირიქით, დანაშაული შემცირდა და შესაბამის სტატისტიკას აქვეყნებს. პოლიტიკური ოპონენტები სამინისტროს სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებენ. რა გამოდის, მოსახლეობის მესამედი არ ენდობა ხელისუფლების მტკიცებას, რომ დანაშაული შემცირდა?

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ დანაშაული შემცირდა, მოსახლეობა ფიქრობს – დანაშაული გაიზარდა ან იგივე დარჩა. ეს კითხვა შარშანდლიდან ფიგურირებს კვლევაში და ეს დამოკიდებულება არ შეცვლილა. ცხადია, რომ მოსახლეობის აღქმასა და ხელისუფლების განცხადებებს შორის მკვეთრი სხვაობაა.

კვლევიდან ირკვევა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, 80 პროცენტზე მეტი, მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციის არსებობა მნიშვნელოვანია, მოსახლეობის ნახევარი ასეთად ნაციონალურ მოძრაობას აღიქვამს. ყურადსაღებია ისიც, რომ უფრო მეტი ადამიანი არ ამართლებს ღარიბაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლების კრიტიკის მორალური უფლება არ აქვს, ვიდრე ამართლებს. რას ნიშნავს მოსახლეობის ასეთი განწყობა ნაციონალური მოძრაობისთვის ან ხელისუფლებისთვის?

ამასთან დაკავშირებით ორი რამ უნდა ითქვას. ერთი ის, რომ გაცილებით მეტი ადამიანი მიიჩნევს ნაციონალურ მოძრაობას ძლიერ ოპოზიციად, ვიდრე მათთან ახლოს მდგომ ძალად, ან იმ პარტიად, რომელსაც არჩევნებში ხმას მისცემს.

რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებას. ხალხის ინფორმირების ხარისხი ამ განცხადების შესახებ მაღალი არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ მართალია დიდი განსხვავებით არა, მაგრამ მაინც უფრო მეტ ადამიანს მისი კომენტარები არ მოეწონა.

თავს ნებას მივცემ და ვიტყვი, რომ როდესაც NDI-ის წინასაარჩევნო მისიამ ანგარიში გამოაქვეყნა, ერთ-ერთი პრობლემა, რასაც ხაზი გაუსვა, სწორედ პოლარიზაცია და მტრული ატმოსფერო იყო, რაც ამ ორ ძალას შორის სუფევს, განსაკუთრებით უსაფუძვლო ბრალდებები. ვფიქრობ, კვლევა ადასტურებს, რომ ხალხს სურს, ხელისუფლება შეეშვას ამგვარ მოქმედებებს.

მოსახლეობის 21% არ ამართლებს იმას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 მილიონს იღებს ბიუჯეტიდან. ამავდროულად, ძალიან ბევრმა, 70 პროცენტზე მეტმა არ იცოდა ამის შესახებ, მართალი გითხრათ, ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო.

აშკარაა, რომ ხალხის დიდმა ნაწილმა არ იცის ეკლესიის საბიუჯეტო დაფინანსების შესახებ. ჩვენ კვლევის ყველა მონაწილეს ვკითხეთ, ამართლებდნენ თუ არა ეკლესიის დაფინანსებას. გამომდინარე იქიდან, რომ რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ირჩევა და ეს მეთოდი მას რეპრეზენტაციულს ხდის, ეს შედეგი ასახავს იმ დამოკიდებულებას, რაც კვლევის მონაწილეებმა გამოხატეს მას შემდეგ, რაც გაიგეს დაფინანსების შესახებ.

ჩვენი კვლევები ცხადყოფს, რომ რელიგია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართველი ხალხის ყოველდღიურობაში. ამიტომ არ გაგვკვირვებია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსებას.

საინტერესო ნაწილი ის იყო, რომ მათ შორის, ვინც არ ამართლებს სხვა კონფესიების – კათოლიკეების, ებრაელების, გრიგორიანელების და მუსლიმების დაფინანსებას, განსხვავებები მივიღეთ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. როგორც გაირკვა, დასავლეთ საქართველო გაცილებით უფრო ტოლერანტულია ამ საკითხის მიმართ, ვიდრე მთლიანად საქართველო. კონკრეტულ ქალაქებში, კერძოდ, ახალციხეში, ზუგდიდსა და ქუთაისში განსაკუთრებით მაღალია სხვა კონფესიების დაფინანსებისადმი მხარდაჭერა.

საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას. 70 პროცენტზე მეტი. ასეთი მხარდაჭერა მათ NATO-სა და ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანაში არ აქვთ.

ჩვენ ვხედავთ, რომ NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა არ შეცვლილა და მყარად 72 პროცენტზე დგას, მიუხედავად იმისა, რომ მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო არასოდეს გახდება NATO-ს წევრი, 12 პროცენტიდან 21 პროცენტამდე გაიზარდა წინა კვლევასთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრობის მხარდამჭერთა რიცხვი ბოლო კვლევასთან შედარებით შემცირდა – 82% იყო, ახლა 72%-ია – როდესაც ადარებ ევროკავშირის წევრობას ევრაზიის კავშირის წევრობას, NATO-ს წევრობას, რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის სურვილს, ძალიან მყარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველებს დასავლური ორიენტაცია ბევრად ურჩევნიათ.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობების აღქმა წინა კვლევასთან შედარებით გაუარესებულია. ცხადია, ამაში წვლილი უკრაინის მოვლენებმაც შეიტანა. ასევე, მავთულხლართების გაბმამ ადმინისტრაციულ ხაზთან.

 

კომენტარები