წულუკიანი პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, იმოქმედონ სახელმწიფოებრივი მიდგომებით

თეა წულუკიანი

უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, იმოქმედონ სახელმწიფოებრივი მიდგომებით, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

წულუკიანმა უწყებათაშორის კომისიის დაწყებისას მარნეულში გუშინ განვითარებული მოვლენები დაგმო და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები იქნება აღკვეთილი და განსაკუთრებული სიმკაცრით დასჯილი.

"კომისიის სახელით და როგორც იუსტიციის მინისტრმა, ცალსახად მინდა, დავგმო ის ფაქტი, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ რაიონში გუშინ მოხდა. ეს არის რაიონი, სადაც ძალიან დიდი ხანია, მშვიდობიანად თანაცხოვრობს სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ჩვენი თანამოქალაქე. ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია საარჩევნო კომისიის შენობაში შეიჭრა და მიუღებელი მეთოდებით ღიად, აგრესიით შეეცადა ზეწოლა განეხორციელებინა საარჩევნო ადმინისტრაციაზე. ეს არის დანაშაული, ეს არის კანონით აკრძალული ქმედება. მინდა, ყველა პარტია გავაფრთხილო, ვინც არ უნდა იყოს ის, ამგვარი ქმედებები იქნება აღკვეთილი და დასჯილი განსაკუთრებული სიმკაცრით კომპეტენტური ორგანოების მიერ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია, საარჩევნო ადმინისტარაციაზე ძალადობა განახორციელოს, ეს ასე ვერ იქნება და ყველა პარტიას მოვუწოდებ, თავი შეიკავოს პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, ნებისმიერი ტიპის ძალადობისგან, აგრესიისგან. პოლიტიკურ პარტიებს, იქნება, ის მმართველი ძალა თუ ოპოზიციური პარტია, ყველას გვაკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე, განსაკუთრებით იმ რეგიონებთან დაკავშირებით, სადაც სხვადასხვა ეთნიკური მოქალაქეები ცხოვრობენ. აქ უნდა გამოვიჩინოთ ყველაზე მეტად საკითხებისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა", - განაცხადა უწყებათაშორისო კომისიის სხდომის დაწყებისას თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება სადავო გადაწყვეტილებას, რაც გუშინ მარნეულის რაიონში დაპირისპირების მიზეზი გახდა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში პარტიამ ცესკო-ს უნდა მიმართოს, რომელიც მაღალი ნდობით სარგებლობს.

"რაც შეეხება იმ სადავო გადაწყვეტილებას, რაც საოლქო კომისიამ მიიღო, მინდა ხაზგასმით ვთქვა, ერთი რაც ისედაც ნათელია – საქართველოს დღევანდელი მთავრობა საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებში არ ერევა და თუკი რომელიმე გადაწყვეტილება არის სადავო, უნდა გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით. ჩვენმა მთავრობამ ცესკო დააყენა იმ სიმაღლეზე, ის არის ძალიან დიდი ნდობის მქონე საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი რგოლი და მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, ცესკო მიიღებს კანონის შესაბამის, სამართლიან და მოუკერძოებელ გადაწყვეტილებას. ამიტომ, დავემორჩილოთ კანონს, ვიმოქმედოთ კანონის მიხედვით, ვიმოქმედოთ იმ ფარგლებში, რის შესაძლებობასაც კანონი გვაძლევს და შევწყვიტოთ საარჩევნო ადმინისტრაციაზე ძალადობა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები