არასაპარლამენტო ოპოზიცია ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს ზეწოლაში ადანაშაულებს

არასაპარლამენტო ოპოზიცია ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს სამველ პეტროსიანს აგრესიასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. საარჩევნო ბლოკის ერთ–ერთი ლიდერის მანანა ნაჭყებიას განცხადებით, გუშინ ღამით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გრიგოლ წურწუმიას პლაკატების გაკვრისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პარლამენტის დეპუტატმა სამველ პეტროსიანმა შეურაცხყოფა მიაყენა არასაპარლამენტო ოპოზიციის აქტივისტებს და მოსთხოვა, თავი დაენებებინათ პლაკატების გაკვრისთვის.

მანანა ნაჭყებიას თქმით, პეტროსიანის ქმედება გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით და აშკარა მუქარით თავად გრიგოლ წურწუმიას და მისი შტაბის წევრების მიმართ.

"სამველ პეტროსიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით გავიდა პარლამენტში, მაგრამ ამჟამად ფაქტობრივად, ქართულ ოცნებას წარმოადგენს. როგორც ჩანს, ის კარგად "ნაცადი" მეთოდებით ცდილობს ტერორის ქვეშ ამყოფოს ოპოზიცია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამ რეგიონში ხელისუფლების წარმომადგენლები არასაპარლამენტო ოპოზიციაზე ზეწოლას ცდილობენ", - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ და აღნიშნა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატებსა და აქტივისტებზე ზეწოლის მაგალითები სხვა რეგიონებშიც არის.

კერძოდ, მანანა ნაჭყებიას თქმით, რამდენიმე მაჟორიტარმა და პარტიულ სიაში შეყვანილმა კანდიდატმა უარი თქვა კენჭისყრაზე და ისინი უარს აცხადებენ ღიად ისაუბრონ, ვინ და როგორ განახორციელა ზეწოლა.

"ამ თვალსაზრისით, მიუხედავად წინა ხელისუფლების პირობებში ჩატარებული არჩევნების დროს არსებული ზეწოლის მასშტაბებთან სხვაობისა, მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მოვითხოვთ უწყებათაშორისი კომისიისგან, სასწრაფოდ მიიღოს ზომები და შესაბამისმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ ახალქალაქში მომხდარი ფაქტის გამოძიება", - დასძინა ნაჭყებიამ.

კომენტარები