პოლიტიკა

კოლონიალურ დამოკიდებულებაში

1 ოქტომბრის შემდეგ ჯამახარიაში ბევრ რამეს გვაჩვევენ, აგრესიულად გვაწვდიან სიცრუის გარსში შეფუთულ რეალობას. საბაზისო განათლების დეფიციტის მქონე მთავრობა და მისი ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ლიდერი ცდილობს, არჩევნებზე გულუბრყვილოდ მოტყუებულ მოქალაქეებს ევროკავშირის ძახილით ევრაზიული არჩევანი შეასაღოს. ქართული ოცნების სახელით მოსული ფინანსური ძალა ერთს ამბობს და სხვას აკეთებს.

გვაჩვევენ, რომ სახელმწიფოებრიობის სიმბოლოებს მიზანმიმართულად ებრძვიან – 26 მაისის სამხედრო აღლუმი სამარცხვინოდ და არასაჭირო პომპეზურობად გამოცხადდა, საქართველოს დამოუკიდებლობა ქილიკის საგნად იქცა, მტერი სახელმწიფოს ჯაშუშები პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდნენ, მეხუთე კოლონის და კოლაბორაციონისტების თავხედური საქმიანობა წახალისებულია, „გიორგიევსკი ლენტებით" დამშვენებული გარეწრები მავნებელი ხოჭოებივით მოედვნენ სახელმწიფოს.

1 ოქტომბრის შემდეგ, საკმაოდ სწრაფად, მეთოდურად, კარგად შეფუთული და დამუშავებული სცენარით მივედით იმ მომენტამდე, როცა ქართულ სახელმწიფოს შეგნებულად თუ შეუგნებლად ზიანი ადგება, როცა თავდაცვის მინისტრის განცხადებები NATO-ს საჰაერო-თავდაცვითი სისტემების საქართველოში განთავსებაზე მთავრობის და უმრავლესობის მხრიდან სასტიკი კრიტიკის საგანი ხდება, ორღობის თამადის ინტელექტით დაჯილდოებული შინაგან საქმეთა მინისტრი ეჭვის ქვეშ აყენებს საქართველოსთვის თავად NATO-ს საჭიროებას, ჯონჯოლის საკრეფად წასული სოციალურ სიდუხჭირეში მყოფი მოქალაქეების ყოველდღიურ გატაცებებს ჩახუტების და დეზინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ქართული მხარის პროვოკაციებს უწოდებს და დაჟინებით ცდილობს 2008 წლის რუსული აგრესია ჩვენ დაგვაბრალოს, საგარეო საქმეთა მინისტრი ენობრივ ლაფსუსებად გვასაღებს საგარეო-პოლიტიკურ სფეროში თავის არაკომპეტენტურ განცხადებებს, კომპარტიის ინსტრუქტორები უკვე დასრულებული სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების ზომებად გვჩრიან გადმოწეულ საზღვრებს და თბილისთან გაბმულ მავთულხლართებს, ოსტატურად გააუფასურეს ჟენევის მოლაპარაკებები და ის ლიმასოლის და პრაღის შეხვედრებით ჩაგვინაცვლეს, საქართველოს ეგზისტენციალური ინტერესები რუსეთში მწვანილითა და ღვინით ვაჭრობაზე გადაიცვალა.

ეს და საქართველოსთვის გრძელვადიანად საზიანო კიდევ ბევრი სხვა ფაქტი ზედაპირზე დევს, საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია, მიწების და ადამიანების გატაცება შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ამათ გარდა, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ფარულ ეკონომიკურ-სავაჭრო ხაფანგს აგებს, რომელსაც „საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა" ეწოდება და რომელშიც ჩვენი ნებით 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ შევაბიჯეთ.

მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში პუტინს ჩაუვარდა საქართველოს სრული ოკუპაციის და სამხედრო ინტერვენციის გზით მარიონეტული მთავრობის „დასმის" მცდელობა, კრემლმა ბრძოლის მეთოდი შეცვალა და პოლიტიკურ ველზე ჩვენი ქვეყნის მასშტაბებთან შედარებით შეუსაბამოდ დიდი „ფულის მასა" შემოუშვა, რამაც სოციალურად გაჭირვებული საქართველოს მოსახლეობის „გონების ინფლაცია" გამოიწვია და მან უპერსპექტივო იმედის არჩევანი გააკეთა. უკანასკნელი სოციალური კვლევები, მოქალაქეთა ნულოვანი რეაქცია ტოტალური მოსმენების მიმართ და აბსოლუტური გულგრილობა ნეპოტიზმსა და კორუფციასთან დაკავშირებით, რაც 1 ოქტომბრის მთავრობის პირობებში მივიღეთ, ცხადს ხდის, რომ 2012 წლის შემოდგომის არჩევანი არა ქართველ ხალხში დაგროვილმა უსამართლობის გრძნობამ, „ელიტური კორუფციის" წინააღმდეგობამ, მოსმენებმა და შიშმა განაპირობა, არამედ იმ იმედმა, რომ ვირტუალური 7 მილიარდი მათ ჯიბეებზეც აისახებოდა. რუსეთმა სწორად გათვალა და გეგმის მეორე ეტაპზე გადავიდა, რაც საქართველოს სავაჭრო მიბმას, მის ეკონომიკურ დამორჩილებას გულისხმობს.

კარგად შეფუთული გეგმით და ქმედებებით საქართველოს რუსეთზე კოლონიალურ დამოკიდებულებაში აბრუნებენ, უკანასკნელი 9 წლის რეფორმების შეგნებული დისკრედიტაცია და ინფრასტრუქტურული ტრანსფორმაციის გაჩერება მისი ნაწილია. ხელისუფლების შენიღბული ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული გახადოს.

ცოტა შორიდან დავიწყებ. რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ჩვენი ეკონომიკა თითქმის ორი საუკუნე რუსეთის საჭიროებებს იყო მორგებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის მხოლოდ ის სექტორები ვითარდებოდა, რომელიც მეტროპოლიის ინტერესებში იყო. ორი საუკუნის განმავლობაში ქართველი ადამიანის გონებაში მტკიცედ ჩაადუღაბეს, რომ საქართველო სოფლის მეურნეობის ქვეყანაა, რომ ბევრი გლეხი უნდა გვყავდეს, რომ „ძლიერი სოფელი" ქვეყნის სიძლიერეს განსაზღვრავს, რომ დიდი ქარხნები (ასი მაინც) უნდა გუგუნებდეს. ორასი წლის განმავლობაში ეს გამონაგონი ქართველ ხალხში შეუვალ ნორმად ჩამოყალიბდა. დღესაც იშვიათად ისმის კითხვა – იქნებ არ ვართ აგრარული ან მძიმე მრეწველობის ქვეყანა, იქნებ კომპაქტდისკების ან არბალეტების წარმოება უკეთ გამოგვდის? იქნებ გიურზების მოშენებაშია ჩვენი შედარებითი უპირატესობა?

კოლონიალური ეკონომიკის სისტემა რუსეთისთვის წარმატებით მუშაობდა – ჯერ იყო და, ცარისტულ რუსეთში საქართველოში შექმნილი დოვლათის კაპიტალად აკუმულაცია იმპერიის ცენტრში ხდებოდა, შემდეგ კი, ნაწარმოებ პროდუქტს, თუნდაც დაბალი ხარისხისას, საბჭოთა კავშირის ბაზარი ისრუტავდა.

ოკუპირებული საქართველოს ინფრასტრუქტურაც ისე იყო მოწყობილი, როგორც ეს მეტროპოლიის საჭიროებებს შეესაბამებოდა. გზები, ხიდები, პორტები, გვირაბები, ჰესები რუსეთის იმპერიის ინტერესების მიხედვით იგებოდა და არავინ ითვალისწინებდა საკუთრივ საქართველოს აუცილებლობებს.

იმპერიის დანგრევის შემდეგ საქართველოს დარჩა სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობის შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, დარჩა დიდი სამრეწველო ცენტრები, სადაც ფაბრიკა-ქარხნებმა ფუნქციონირება შეწყვიტეს, ვინაიდან არსებობა შეწყვიტა იმ იმპერიამ, რომლისთვისაც ისინი თავის დროზე აშენდა. შედეგად მივიღეთ დაუსაქმებელი ხალხი, უმუშევრობა, საბჭოთა კვალიფიკაციის მუშახელი, მოსახლეობის ქვეყნიდან გადინება. დაგვრჩა ასევე მოუქნელი, ხელოვნურად გაბერილი და კორუმპირებული სახელმწიფო მართვის აპარატი.

მემკვიდრეობად მივიღეთ დამოუკიდებელი საქართველოსთვის გამოუსადეგარი ინფრასტრუქტურაც – იმპერიის აუცილებლობებზე მორგებული სახმელეთო გზები, რკინიგზა, აეროპორტები, როკის გვირაბი და ა.შ.
დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან 2004 წლამდე, საქართველოს მთავრობებმა არაფერი გააკეთეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის კოლონიალური დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად, არც ახალი საქართველოსთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელებულა. რუსეთთან კოლონიალურ დამოკიდებულებაში ყოფნა მოსკოვთან დალაგებულ ურთიერთობებს ნიშნავდა, მოსკოვს ეს ხელს აძლევდა, რეალურად კი, საქართველო არშემდგარ პოსტკოლონიალურ ტერიტორიად იქცა.

2004 წელს დაწყებული რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს პოსტკოლონიალური დამოკიდებულებისგან განთავისუფლებას ისახავდა მიზნად. რეგიონული მასშტაბის ენერგეტიკული პროექტები, ბაქო-ყარსის რკინიგზა, ახალი სატრანსპორტო დერეფანი, ახალი აეროპორტები, თბილისის შემოვლითი რკინიგზა და ახალი პორტი ანაკლიასთან სწორედ რუსეთის იმპერიისგან თავის დაღწევას ემსახურებოდა. ისტორია ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანაზე რთული პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის კოლონიური დამოკიდებულებისგან ეკონომიკის განთავისუფლება აღმოჩნდა. მეტიც, რუსეთი სამხედრო აგრესიით პასუხობს ექსკოლონიების ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, რადგან მასში კოლონიური დამოკიდებულების მორღვევის საშიშროებას ხედავს.

2004-2012 წლებში განხორციელებული რეფორმებით და ინფრასტრუქტურული პროექტებით მოხერხდა საქართველოს სახელმწიფოს რუსეთზე კოლონიალური დამოკიდებულებისგან გამოხსნა, ნაწილობრივ შეიქმნა ახალი, საქართველოს ინტერესებზე მორგებული ინფრასტრუქტურა. წინა ხელისუფლებამ გადადგა სრულიად შეგნებული ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოს მოეხდინა ბაზრების დივერსიფიკაცია, ჩართულიყო გლობალურ სავაჭრო-ეკონომიკურ გაცვლებში და შეემცირებინა საქართველოს ხელოვნური დამოკიდებულება რუსეთზე. აღნიშნული პროცესი ვერ შეაჩერა 2008 წლის აგვისტოს ომმა. თუმცა, შეჩერდა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ. თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლება იდიოტი არ არის, მაშინ ჩნდება საფუძვლიანი და გონივრული ეჭვი, რომ ის ამას შეგნებულად აკეთებს, ზემოჩამოთვლილი ყველა პროექტი მიზანმიმართულად დაკონსერვდა, რომ საქართველო დაბრუნდეს რუსეთთან კოლონიალურ დამოკიდებულებაში.

დღევანდელი ხელისუფლება უკრაინა-რუსეთის ომზე სრულიად არაკომპეტენტური მსჯელობისას ხშირად აცხადებს, რომ საქართველოს რუსეთის მხრიდან უკრაინის მსგავსი საფრთხეები არ ემუქრება, რადგან მისი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები რუსეთთან არ უტოლდება უკრაინისას. თავისთავად ასეთი შედარების მოყვანა და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების გენიალურად სულელური შეფასება ამ სტატიის თემა არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესი მოქმედი მთავრობის ის ქმედებებია, რომელიც მისსავე რიტორიკას ანგრევს, ხოლო ქვეყანას რუსეთზე სახიფათო ეკონომიკურ დამოკიდებულებას უმზადებს.

კარასინ-აბაშიძის შეხვედრებმა და სოფლის მეურნეობის შერჩევითმა სუბსიდირებამ ნაყოფი გამოიღო. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს ექსპორტი რუსეთში 2013 წელს და 2014 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2008 წელს რუსეთის მიმართულებით ექსპორტმა 29 783.4 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, 2009 წელს – 21 146.2, 2010 წელს – 34 706.5, 2011 წელს – 36 610.4, 2012 წელს – 45 816, 2013 წელს – 190 242.9, ხოლო 2014 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში ეს ციფრი 67 543.1 ათასი აშშ დოლარია (იხ.: http://www.geostat.ge). მიზანი მიღწეულია, საქართველოს ეკონომიკური სექტორების დივერსიფიკაცია შეჩერდა, სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ძირითად დარგად დაბრუნებულია, სუბსიდირებული აგრარული სექტორი სასიცოცხლოდ დამოკიდებულია რუსულ ბაზარზე. რუსეთი თუ კვლავ ჩაკეტავს თავის ბაზარს ქართული პროდუქციისთვის, ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა გაუარესდება, ეკონომიკის მთავარ დარგს სასუნთქი გზები გადაეკეტება, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ თავიდან იქნას აცილებული მოსკოვის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. ამისთვის კი უნდა შევასრულოთ მეტროპოლიის მოთხოვნა – უარი ეროვნულ სუვერენიტეტზე. კოლონიალურ დამოკიდებულებაში დაბრუნება ზედმეტს ხდის როგორც ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს (ის ფულის ფლანგვად ცხადდება და დასჯადი ქმედებაა), ისე ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებას. მეტიც, საჭირო არაა არც თავდაცვაზე ზრუნვა, მეტროპოლიასთან „ურთიერთობები დალაგებულია" და თავს ვიღასგან ვიცავთ? ნათელი ხდება მინისტრ ჭიკაიძის განცხადებები NATO-სთან მიმართებით, ასევე უმრავლესობის აგრესიული თავდასხმები მინისტრ ალასანიას სრულიად კანონზომიერ განცხადებაზე.

ვინმემ შეიძლება იკითხოს – კი მაგრამ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება? მთავრობის ზოგიერთი მინისტრის განცხადებები საქართველოს შეუქცევად ევროპეიზაციაზე? ყველაზე დიდი ტყუილი, თვალთმაქცობა და საფრთხე სწორედ ამ განცხადებებში იმალება. ახსნა ორი შეიძლება იყოს – ერთი, რომ „ჰაკიმფაშიზმად" წოდებული რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირები ვერ გამოდიან წინა ხელისუფლების კონიუნქტურიდან, რომელიც მათ მემკვიდრეობად დარჩათ და აგრძელებენ საქართველოს ევროპულ მომავალზე მჭევრმეტყველებას და მეორე, რომ საქართველოსთან არც არსებული და არც მომავალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთისთვის არ წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფაქტს, ამიტომ მაღალი ალბათობით დასაშვებია, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება რუსეთისთვის პრობლემად არ აღიქმება, მოსკოვმა ის გადაყლაპა, რადგან იცის, რომ გულზე არ დაადგება. უკრაინას და საქართველოს რუსეთისთვის სხვადასხვა სტრატეგიული, გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დემოგრაფიული ფასი აქვთ.

ბევრს აქვს ალბათ ისეთი გრძნობა, თითქოს „ზასტოის" თუ „პერესტროიკის" პერიოდში დავბრუნდით, როცა საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა და კომუნისტები მიჯრით გვესროდნენ ტყუილებს. მაშინაც კომპარტიის ინსტრუქტორები ლუბიანკის კონსპექტებით ცდილობდნენ ადამიანების დარწმუნებას, რომ ქვეყანა შენდებოდა, პანდუსებს აგებდნენ, სანაპიროებს ამაგრებდნენ, პენსიებს „ზრდიდნენ", „უფასო" ჯანდაცვა მუშაობდა და „ქვეყანა ასე შენდებოდა". „ზასტოი" კომუნისტური ოცნების დამარცხებით დასრულდა, საქართველო მაჯლაჯუნებისგან, ქართული კოშმარისგან და რუსეთზე კოლონიალური დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა.

კომენტარები