ენმ: ქართული ოცნების აქტივისტებმა ზუგდიდში ნაციონალების კანდიდატი სცემეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, დღეს დაახლოებით 16:00 საათზე ქართული ოცნების აქტივისტებმა პარტიის ზუგდიდის ოფისში სცადეს შეჭრა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს.

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, აქტივისტებს "მეთაურობდნენ კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტები და ლიდერები თენგო აბულაძე და მანუჩარ მალანია, ახალსოფლის თვითმმართველობის სპეციალისტი ბესო კოზუა.". მათ ოფისში შეჭრისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს სალომე მაქაცარიას.

"დღეს, 6 ივნისს დაახლოებით 16:00 სთ-ზე „ქართული ოცნების" 100-მდე აქტივისტი შეეცადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისში შეჭრას. ქართული ოცნების მაისურებში გამოწყობილ აქტივისტებს, რომელთა შორის იყვნენ საჯარო მოხელეებიც, მეთაურობდნენ კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტები და ლიდერები თენგო აბულაძე და მანუჩარ მალანია, ახალსოფლის თვითმმართველობის სპეციალისტი ბესო კოზუა. ოფისში შეჭრის მცდელობისას მათ ფიზიკური შეურაცხყოფა და სხეულის მსუბუქი დაზიანება მიაყენეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს სალომე მაქაცარიას. ამ მომენტისთვის ქართული ოცნების აქტივისტები განლაგებულნი არიან ჩვენი ოფისის გარე პერიმეტრზე", - წერია განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტოს ზეწოლა ოპონენტებზე და ჩაებას თანაბარ პოლიტიკურ კონკურენციაში.

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს აღვირახსნილი ზეწოლის კამპანია პოლიტიკურ ოპონენტებზე და ჩაებას თანაბარ პოლიტიკურ კონკურენციაში. ამა თუ იმ რეგიონში არჩევნებში გარდაუვალი მარცხი - რაც მთავრობის შეუსრულებელი დაპირებებითა და ნაციონალური მოძრაობის წარმატებული განახლებითაა განპირობებული - არ უნდა გახდეს კონკურენტების ძალადობრივი გზით ჩამოცილების მიზეზი. მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს", - წერია პარტიის განცხადებაში.

კომენტარები