გოგორიშვილი უსუფაშვილს: "გეოპოლიტიკური საფრთხეები" ადამიანური ენით განმარტეთ

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 12 მაისის შეხვედრაზე, დავით უსუფაშვილმა ნამდვილად შესთავაზა მარნეულში გამგებლობის კანდიდატის კანდიდატურის მოხსნა. ამასთან, გოგორიშვილმა დღევანდელ ბიფინგზე უსუფაშვილის განცხადებიდან ციტატები მოიყვანა და პარლამენტის სპიკერს მოუწოდა, განმარტოს, რას გულისხმობდა ნაციონალური მოძრაობისადმი შეთავაზებაში. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დასძინა, რომ აკმამედ იმამკულიევი არის საქართველოს მოქალაქე და ქვეყნის პატრიოტი.

"საუბრის დასაწყისშივე, ჩვენი საუბარი შეეხებოდა მარნეულში ჩვენს კანდიდატს ბატონ იმამკულიევს. მან შემოგვთავაზა, რომ შეგვეცვალა ჩვენი კანდიდატი. ბატონმა უსუფაშვილმა იცოდა, რომ სულ ოთხი დღე იყო დარჩენილი სიების რეგისტრაციის ბოლო ვადამდე და მაინც შემოგვთავაზა, ხომ არ ვიფიქრებდით, რომ კანდიდატურა შეგვეცვალა. მან იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ეს მისი აზრი არ არის და თავად იყო შუამავალი ხელისუფლებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. გამიკვირდა კიდეც, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასე დეტალურად იცნობდა ჩვენს კანდიდატებს რეგიონებში, მათი გვარებიც ცნობილი იყო და მათი რეალური შესაძლებლობებიც. ასე რომ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საკითხი შეეხებოდა მარნეულში ჩვენი კანდიდატის შეცვლას დარჩენილი პერიოდის განმავლობაში" - თქვა გოგორიშვილმა და აღნიშნა, რომ გაუგებარია დავით უსუფაშვილის განცხადებაში მოყვანილი ფრაზები.

"მისი თქმით, "საუბარი შეეხებოდა საკითხებს, მათ შორის, საარჩევნო თემატიკას, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების გამო, ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მოდელებს". მინდა, მივმართო ბატონ დავითს, ამ რთული ფრაზებით საუბარს თავი დაანებოს და ადამიანური ენით განუმარტოს საზოგადოებას, რა იგულისხმებოდა მათ შემოთავაზებაში. მან მე პირადად მომიწოდა, გამოვიჩინო ელემენტარული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ადამიანური ღირსება და კეთულგონიერება. როგორც ჩანს, ეს ცნებები მე და ბატონ უსუფაშვილს განსხვავებულად გვესმის. აქვე დავძენ, ბატონო დავით, მინდა გითხრათ, რომ აკმამედ იმამკულიევი არის საქართველოს მოქალაქე, ნამდვილი ქართველი და საქართველოს ძალიან დიდი პატრიოტი" - განაცხადა გოგორიშვილმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც მარნეულში ენმ-ის გამგებლობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს მარნეულის საოლქო კომისიამ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა თქვა, რომ მასთან საუბრისას დავით უსუფაშვილი ნაციონალურ მოძრაობას მარნეულში გამგებლობის საკუთარი კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნას სთხოვდა. ამასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ის 12 მაისს ნამდვილად შეხვდა ხათუნა გოგორიშვილს, "თუმცა, მასთან საუბარი შეეხებოდა საკითხებს, მათ შორის, საარჩევნო თემატიკას, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების გამო". მისივე თქმით, გოგორიშვილთან "საუბარი შეეხებოდა ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მოდელებს და არა ვინმეს პერსონალურად".

კომენტარები