ინვესტიციები

ვისოლმა EBRD-სგან 65 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი მიიღო

ვისოლის გაზგასამართი სადგური
wissol.ge

ევროპის განვითარებისა და რეკონსტურქციის ბანკის ცნობით, ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას 65 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით სესხი დაუმტკიცდა. 

სესხის მიზნობრიობა განისაზღვრა საქართველოში კომპრესირებული ბუნებრივი გაზის გასამართი სადგურების გაფართოებით. კომპრესირებული ბუნებრივი გაზი ტრადიციულ საწვავებთან შედარებით ეკოლოგიური ალტერნატივაა. 

ვისოლ პეტროლიუმისთვის დამტკიცებული სესხი სინდიკატურია, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხი ორი ტრანშისაგან შედგება, რომლიდანაც 40 მილიონს EBRD დააფინანსებს, 25 მილიონს კი ჰოლანდიური განვითარების ბანკი FMO. 

EBRD-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ბაზარზე, კორპორატიულ სექტორში ეს პირველი სინდიკატირებული სესხია, რომელშიც ადგილობრივი პარტნიორი და საერთაშორისო ბანკი არიან ჩართული. 

ვისოლ პეტროლიუმი მიღებული დაფინანსებით 38 ახალ კომპრესირებული ბუნებრივი გაზის გასამართ სადგურს ააშენებს, ასევე განავითარებს უვკე არსებული გასამართი სადგურების ინფრასტრუქტურის გამართვა. 

"ჩვენ გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ ვისოლ პეტროლიუმს, ჩვენი დიდი ხნის პარტნიორს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს საწვავის სამომხმარებლო ბაზრის რევოლუციონირება. პროექტის მიზანია, რომ ქართველმა მომხმარებელმა მიიღოს უფრო ხელმისაწვდომი და ეკოლოგიურად სუფთა საწვავი" - ამბობს ბრუნო ბალვანერა, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელორუსის დირექტორი.

ამ სესხის დამტკიცება ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად უსაფრთხო საწვავის ქსელის განვითარება და ამ სექტორში კონკურენციის ხელშეწყობაა. 

ინფორმაციისთვის, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს საქართველოში დღემდე 169 პროექტში აქვს გაკეთებული ინვესტიცია, რომლის ჯამური რაოდენობა 2 მილიარდ ამერიკულ დოლარს სცდება. 

კომენტარები