დინამო თბილისი

ბილეკი: ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ

fcdinamo.ge

დღეს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ დინამო თბილისს ახალი მთავარი მწვრთნელი - ჩეხი, მიხალ ბილეკი ჩაიბარებს.

დინამო არენას მედია დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე, კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ, ბილეკთან ერთად დინამოს ახალი დირექტორი - ლევან ზუხბაია წარადგინა. 

"მიხალ ბილეკი საკმაოდ ცნობილი ადამიანია საფეხბურთო სამყაროში. სხვა თუ არაფერი, ბოლო 4 წელი ჩეხეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი იყო.   რამდენიმე მწვრთნელთან გვქონდა მოლაპარაკებები და საბოლოოდ, ბილეკზე შევჩერდით. დრო გვანახებს, სწორად მოვიქეცით თუ არა. ვფიქრობთ, ჩვენი გადაწყვეტილება გაამართლებს და უახლოეს პერიოდში დავინახავთ დინამოს წინსვლას. ჩვენი გუნდის კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ლევან ზუხბაია დინამოს დირექტორი გახდა. მას ყველა კარგად იცნობს, რადგან უკვე დიდი ხანია დინამოში მუშაობს," - განაცხადა რომან ფიფიამ.

დინამოს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ჩეხი სპეციალისტის ასისტენტები დინამოში, მისი თანამემამულეები იარომირ ჟინდრაჩეკი და მარსელ ლიჩკა იქნებიან.

"მოხრული ვარ რომ დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი გავხდი. ძნელი იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაში წარმატებას მივაღწიოთ და რაც შეიძლება შორს წავიდეთ. მართალია დრო ცოტაა, მაგრამ გუნდს კარგი საფუძველი აქვს ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად," - განაცხადა მიხალ ბილეკმა.

წარსულში ცნობილი ფეხბურთელი სხვადასხვა დროს პრაღის სპარტასა და რეალ ბეტისში გამოდიოდა, ის ჩეხოსლოვაკიისა და შემდგომში ჩეხეთის ნაკრების წევრიც იყო.

რაც შეეხება სამწვრთნელო საქმიანობას, ბილეკი თავდაპირველად ტეპლიცეს თავკაცობდა, შემდეგ კოსტა რიკის კარტახინესში მუშაობდა. სანაკრებო დონეზე, ბილეკი ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი იყო, მოგვიანებით ბლშანის ხმელი და პლზენის ვიქტორია ჩაიბარა. პრაღის სპარტასა და რუჟომბეროკის შემდეგ კი უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, ჩეხი სპეციალისტი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო, რომელიც მისი თავკაცობით 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გაიყვანა.

ბილეკი 2006/07 სეზონის ჩეხეთის ჩემპიონი და თასის მფლობელია, 19-წლამდელთა ნაკრებან ერთად კი 2003 წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომენტარები