ISAF-ის მისია

ზალკალიანი: ISAF-ის მისიაში კონტინგენტის შემცირება NATO-სთან თანხვედრაშია

mfa.gov.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ISAF-ის მისიაში საქართველოს კონტინგენტის შემცირების გადაწყვეტილება სრულ თანხვედრაშია ამერიკის შეერთებული შტატების და NATO-ს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"გუშინ ჩატარდა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა, რომელშიც მეც მივიღე მონაწილეობა. იქ ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, რომ შემცირდეს ISAF-ის მისიაში საქართველოს კონტინგენტის რაოდენობა. ეს ლოგიკურია გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და NATO ეტაპობრივად ამცირებს თავის კონტინგენტს და ჩვენც, შესაბამისად, პარალელურ რეჟიმში უკვე ვიწყებთ ფიქრს, რომ შემცირდეს საქართველოს კონტინგენტი ავღანეთის მისიაში“, - განაცხადა ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი კოორდინირებულად განხორციელდება საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტთან, უშიშროების საბჭოსთან, ხელისუფლების ყველა ძირითად შტოსთან, რომელიც ჩართულია და ვისი პრეროგატივაც არის ამ პროცესის ეტაპობრივი განხორციელება.

„ავღანეთში კონტინგენტი განახევრდება და 700 კაცი დარჩება. ეს, ბუნებრივია, ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, თუ რას აპირებენ ჩვენი პარტნიორები, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატები და NATO. ეს სრულ თანხვედრაშია მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

კომენტარები