მედიაზე ზეწოლა

დეპუტატი ჟურნალისტს: ცოლი გყავს? იცი, რა ხმები დადის შენზე?

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე ტელეარხ 25-ის ჟურნალისტს ჯაბა ანანიძეს პროკურატურით ემუქრება. ასევე, სატელეფონო ჩანაწერში, რომელსაც TV 25 ავრცელებს, სავარაუდოდ, ვასაძე ჟურნალისტს ეუბნება, რომ "შენს ორიენტაციას აყენებენ ეჭვს ქვეშ". TV25-ის ინფორმაციით, დეპუტატმა ჟურნალისტს ჯაბა ანანიძის მომზადებული საგამოძიებო ფილმის გამო დაურეკა. "უმაღლესი კომფორტით" ეთერში გუშინ, 8 ივნისს გავიდა.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: ახლა მე ვიწყებ შენს წინააღმდეგ მუშაობას. ხვალ უნდა დავურეკო პროკურორს და ვუთხრა, რომ შენ, ჯაბა ანანიძე რომ აფურთხებ ცხვირ-პირში რესპუბლიკის პროკურორს და პროკურატურას, როგორ არ გრცხვენია. აი, რამდენ ხანს უნდა აჯიჯგნინო საკუთარი თავი-მეთქი, ვეტყვი პროკურორს და მედეა ვასაძე-მეთქი.... ჯაბა, ცოლი გყავს შენ?

ჟურნალისტი: არა;

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: რა მინდა გითხრა მე შენ. ქალაქში რა ხმები დადის შენზე, იცი?

ჟურნალისტი: რა ხმები დადის?

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: იცი, რა ხმები დადის? რომ საეჭვო მიხვრა-მოხვრა აქვს ჯაბასო.

ჟურნალისტი: რას ნიშნავს საეჭვო მიხვრა-მოხვრა?

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: აი, ორიენტაციას აყენებენ შენსას ეჭვის ქვეშ.

ცნობისთვის, მედეა ვასაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. დეპუტატის მუქარას ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურება.

ამასთან, თავად მედეა ვასაძე Media.Ge-სთან საუბრისას ჯაბა ანანიძისთვის დარეკვის ფაქტს ადასტურებს, თუმცა უარყოფს მასზე ზეწოლის ფაქტს და ამბობს, რომ ეთერში გასულ ჩანაწერში ხმა დამონტაჟებულია.

„მეც ჩაწერილი მაქვს ეს საუბარი. იქ ნაგლეჯებია ამოღებული და დამონტაჟებულია. მე ვუთხარი, გამოგონილ ამბებზე არ უნდა წერო, ფაქტია ბევრი საჭირო. აი, მაგალითად, ამბობენ, რომ შენ რაღაც საეჭვო მიხვრა-მოხვრა გაქვს, ამიტომ ეხლა მე უნდა ვთქვა-მეთქი ის, რომ შენ არასათანადო ორიენტაციის ადამიანი ხარ? ეს ხომ არ არის საფუძველი, ასეთი რამ გაკადრო, მე ვუთხარი. ამიტომ რას ამბობენ არის ძალიან უმნიშვნელო. ისეთი სისულელეები აქვს იმ ფილმში, ეგონა ამას აიტაცებდა საზოგადოება, მე მგონი არ შედგა ეს მისი გაკეთბული ფილმი და ახლა ეძებს სკანდალს“, - აღნიშნა მედია ვასაძემ. მისი თქმით, იმ ნაწილში, სადაც ის ამბობს, „ახლა მე ვიწყებ შენს წინააღმდეგ მუშაობას“, მან რეალურად უთხრა, რომ ის იწყებს ბრალდებების გასაბათილებელი არგუმენტების მოძიებას, რასაც მალე გამოაქვეყნებს.

კომენტარები