უგულავას პროცესი

მერის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ უგულავას შუამდგომლობის განხილვა იგეგმება

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 16:00 საათზე თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებული სასამართლო პროცესია დანიშნული. სასამართლო მერის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ უგულავას შუამდგომლობის განხილვას გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია, პროკურორები დღევანდელ პროცესზე გამოცხადდებიან თუ არა.

5 ივნისს სასამართლო პროცესი პროკურორების გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

მოსამართლემ სხდომის მონაწილეებს პროკურორთა განცხადება გააცნო, რომლის თანახმად, პროკურორებმა სასამართლოს განცხადებით მიმართეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ ბათუმში 10-დღიანი მივლინების გამო, პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდნენ.

რაც შეეხება მივლინების მიზეზს, პროკურორთა განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ზედამხედველობა უნდა განახორციელონ, ამასთან, კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ სემინარზე დასწრებას აპირებენ.

„ბავშვსაც არ სჯერა იმის, რომ პროკურორები სემინარებზე არიან“, - ასე შეაფასა გიგი უგულავამ პროკურორების გადაწყვეტილება.

კომენტარები