უწყებათაშორისი კომისია: მივესალმებით იმამკულიევის კანდიდატად აღდგენას

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე მიესალმება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, გაუქმდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს არჩევნებში მონაწილეობა კვლავ შეეძლება. უწყებათაშორისი კომისია განცხადებას ავრცელებს და შეახსენებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მიუღებელი და ქვეყნისათვის საზიანოა ყოველგვარი ძალადობა.

"მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციაზე. წინასაარჩევნო კამპანიისას ყველა კანდიდატს უნდა მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად. საბოლოო და თავისუფლ არჩევანს გააკეთებს ამომრჩეველი არჩევნების დღეს. 2014 წლის 6 ივნისის სხდომაზე, უწყებათაშორისმა კომისიამ მთელი სიმკაცრით დაგმო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელი პირების მხრიდან მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია იმის გამო, რომ მოცემულმა პარტიამ მიუღებლად მიიჩნია აკმამედ იმამკულიევის გამგებლობის კანდიდატობიდან მოხსნის გადაწყვეტილება. უწყებათაშორისმა კომისიამ აგრეთვე დაგმო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პოლიტიკურ პროცესში ჩართულ მოქალაქეთა ეთნიკურ კუთვნილებაზე მუდმივი აპელირება, მათ შორის მარნეულის შემთხვევაში. ამასთან, კომისიამ და მისმა თავმჯდომარემ ხაზი გაუსვეს იმას, რომ იმამკულიევის კანდიდატურის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების შესაცვლელად არა ფიზიკური ძალა ან ვერბალური აგრესია, არამედ გასაჩივრების კანონიერი გზები უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რათა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის სწორი გადაწყვეტილება დამდგარიყო", - აცხადებს უწყებათაშორისი კომისია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის ყოფილ კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს საარჩევნო რეგისტრაცია აღუდგინა. საპარლამენტო უმცირესობის ინფორმაციით, მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატს საარჩევნო რეგისტრაცია 5 ივნისს გაუუქმა. მოტივად დასახელდა, რომ იმამკულიევი ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში არ ცხოვრობდა, რასაც ენმ უარყოფს. 7 ივნისს, საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც.

კომენტარები