ბოკერია: ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლოს უნდა მიეღო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, "ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლოს უნდა მიეღო". ბოკერია აკმამედ იმამკულიევისთვის მარნეულის გამგებლობის კანდიდატობის აღდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საწყენი და საზიანოა ის პოზიცია, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დაიკავა.

"ამ გადაწყვეტილებით სერიოზული დარტყმა მიაყენა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თავის რეპუტაციას და საარჩევნო ადმინისტრაციას. ამ ტიპის სარჩელზე საქალაქო სასამართლოს თავისი პოზიცია უკვე დაფიქსირებული ჰქონდა. ამ ფონზე უცნაური იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ცესკოს თავმჯდომარემ სასამართლო პრეცედენტების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის ყოფილ კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს საარჩევნო რეგისტრაცია დღეს აღუდგინა. 

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატს საარჩევნო რეგისტრაცია 5 ივნისს გაუუქმა. მოტივად დასახელდა, რომ იმამკულიევი ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში არ ცხოვრობდა, რასაც ენმ უარყოფს. 7 ივნისს, საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც.

კომენტარები