სესიაშვილი იმამკულიევის საქმეზე: დემოკრატიის შემადგენელია ის, რაც დღეს მოხდა

radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, "ჩვენ პატივს ვცემთ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს". სესიაშვილი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს საარჩევნო რეგისტრაცია აღუდგა.

"ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ პატივს ვცემთ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, იქნება ეს ცესკო, სასამართლო თუ სხვა. მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, შესაბამისად, დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია ის, რაც დღეს მოხდა. დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნები ასევე დემოკრატიულად ჩატარდება", - უთხრა ჟურნალისტებს სესიაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აკმამედ იმამკულიევი მარნეულის გამგებლობის კანდიდატად დღეს აღადგინა. მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატს საარჩევნო რეგისტრაცია 5 ივნისს გაუუქმა. მოტივად დასახელდა, რომ იმამკულიევი ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში არ ცხოვრობდა, რასაც ენმ უარყოფს. 7 ივნისს, საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც.

კომენტარები