NDI: გარდაბნის ინციდენტი ენმ-მ და ქართულმა ოცნებამ ბრალდებებისთვის გამოიყენეს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო მისიის ანგარიშის მიხედვით, გარდაბანში ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის შეტაკება ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ურთიერთბრალდებებისთვის გამოიყენეს. NDI რეკომენდაციით მიმართავს პარტიებს, შეიმუშაონ და აღასრულონ შიდაპარტიული ქცევის კოდექსი, რათა აიღონ უფრო მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი წევრების ქმედებებზე.

"პოლიტიკურმა ლიდერებმა თავი უნდა შეიკავონ იმ ინციდენტების პოლიტიზებისგან, რომლებსაც პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. მაგალითად, გარდაბანში ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის მომხდარი შეტაკება ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ურთიერთბრალდებებისთვის გამოიყენეს. ასეთმა რეაგირებამ შესაძლოა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში მდგომარეობის დაძაბვა გამოიწვიოს", - ნათქვამია NDI-ის ანგარიშში.

28 მაისს, გარდაბანში ადგილობრივებს შორის, დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ამასთან, ადგილობრივმა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა 29 მაისს საპროტესტო აქცია გამართეს და ეთნიკურად ქართველები შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. შეკრებილები აცხადებდნენ, რომ გარდაბანში მომხდარი დაპირისპირება პოლიტიკასთან კავშირში არ არის. მათი თქმით, დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა, რადგან ეთნიკურად ქართველებმა მათ დასცინეს. გარდაბანში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ქართული ოცნების განცხადებით, გარდაბანში მომხდარი დაპირისპირება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ მოწყობილი პროვოკაციაა. პარტიის განცხადებით, ენმ დაპირისპირების "სხვა ჭრილში გადატანას და პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს". მათი შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს პოზიტიური საარჩევნო გარემო გაამწვავოს, სხვადასხვა მიზეზებით დაძაბოს სიტუაცია და გააღვივოს შუღლი მოსახლეობაში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით კი, ქართული ოცნება და მთავრობა ოპონენტთან საბრძოლველად ყველანაირ პროვოკაციაზე მიდის და არ ერიდება სახიფათო და ქვეყნისთვის დამანგრეველი თემებით მანიპულირებას. ენმ-მ მოქალაქეებს მოუწოდა, პოლიტიკური კუთვნილების და ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, დამშვიდდნენ და ნუ ჩაერთვებიან კონფლიქტში.

კომენტარები