უგულავას პროცესი

უგულავა: პროკურატურა ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუციას აბუჩად იგდებს

„პროკურატურიდან რაღაც პასკვილი შემოდის და ეს არის თურმე საპატიო მიზეზი იმისთვის, რომ სხდომა გადაიდოს“, - თქვა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურორების გამოუცხადებლობის გამო პროცესის გადადების შემდეგ.

„ცინიზმია, როდესაც ღარიბაშვილი გამოდის და ინსტიტუტების პატივისცემის, ინსტიტუტების მშენებლობის შესახებ საუბრობს, მაშინ როდესაც ერთ-ერთი ინსტიტუტი - პროკურატურა სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუციას აბუჩად იგდებს“, - აღნიშნავს გიგი უგულავა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, ეს არის ცინიზმი სასამართლო ხელისუფლების მიმართ, ამასთან იმის ლუსტრაციაა, რომ მათ პოზიცია არ აქვთ.

დღეს სასამართლო მერის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ უგულავას შუამდგომლობის განხილვას გეგმავდა, თუმცა პროცესზე პროკურორები არ გამოცხადდნენ. მოსამართლე მაია შოშიაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლომ 4 ივნისით დათარიღებული ბრალდების მხარის წერილი მიიღო, რომლის მიხედვით, 4 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით, პროკურორები ბათუმში სემინარზე იმყოფებიან (პროკურორებმა მივლინების ცნობებიც წარმოადგინეს). 

დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობის საკითხის განხილვა ბრალდების მხარის დაუსწრებლად სთხოვა. თუმცა, როგორც მოსამართლემ მაია შოშიაშვილმა თქვა, ამ პროცესზე პროკურორების დასწრების გარეშე შუამდგომლობის განხილვა მიზანშეწონილი არ იქნებოდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესი 20 ივნისს 16.00 საათზე დაინიშნა.

სასამართლო პროცესი ამავე მიზეზით 5 ივნისსაც გადაიდო.

კომენტარები