საქართველოს პატრიარქი

ილია II ბიზნესმენებს: რაიონების მატერიალური განვითარება საკუთარ თავზე აიღეთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბიზნესმენებს მიმართავს, ქვეყნის რაიონების მატერიალური განვითარება თავიანთ თავზე აიღონ. აღნიშნულთან დაკავშირებით ილია მეორემ განცხადება დღეს ხევსურეთში გააკეთა. პატრიარქმა ბერ-მონაზვნებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ საზღვრების გასაძლიერებლად, სასაზღვრო რაიონებში ახალი მონასტრები უნდა აშენდეს. 

"მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ხევსურეთში. ბავშვობიდან მესმოდა ჩემი მშობლებისგან, რომ ხევსურეთი და ხევსურები ეს ისეთი კუთხეა, ისეთი ხალხია, რომელიც იცავს ჩვენს კულტურას, ჩვენს წეს-ადათს და აი, დღეს ჩვენ ვიმყოფებით აქ. ვამაყობ იმით, რომ გვყავს მრავალი თავდადებული და ცნობილი ხევსური ჩვენს ისტორიაში, დღევანდელ დღესაც. მინდა, მივმართო ჩვენ ბერ-მონაზვნობას - სასაზღვრო რაიონებში უნდა შეიქმნას მონასტრები, რომ ჩვენ გავაძლიეროთ და დავიცვათ ჩვენი საზღვრები. მე ასევე მინდა, მივმართო ჩვენს ბიზნესმენებს - ყოველმა ბიზნესმენმა უნდა აიღოს თავის თავზე რომელიმე რაიონი, იქნება ეს მთა თუ არა. მათ უნდა აიღონ თავიანთ თავზე და დაეხმაროს რაიონების მატერიალურ განვითარებას. მე იმედი მაქვს, რომ ყველა ბიზნესმენი შეისმენს ჩემს მოწოდებას და ჩვენი საქართველო იქნება ბედნიერი", - თქვა ილია მეორემ.

ბარისახოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პრემიერმინისტრთან ერთად იმყოფებოდა, სადაც საუკუნის გზის პრეზენტაცია გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული გზა ხევსურეთის სოფლებს ერთმანეთთან დაკავშირებს. პრემიერის განცხადებით, თუ მთა იქნება ძლიერი, სამშობლო იქნება ძლიერი. 

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ საქმეს, თქვენი ჩართულობით აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, რადგან მთა არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერე, ჩვენი სიამაყე. მთა ყველაზე კარგად ინახავს ქართულ სულს, ქართულ გენს, ჩვენს ადათ-წესებს და ჩვენი ვალია, რომ მას მოვუფრთხილდეთ, მოვუაროთ, რომ არ დავკარგოთ უნიკალური ტრადიციები და შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა. და თუ მთა იქნება ძლიერი, მე მჯერა, რომ ჩვენი სამშობლო იქნება ძლიერი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები