ბრაზილია 2014

Telegraph: ინგლისი და იტალია ცუდ მოედანზე ითამაშებენ

telegraph.co.uk

ბრიტანულმა გამოცემა ტელეგრაფმა ამაზონია არენას მოედნის საფარის ფოტო გაავრცელა, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ცუდ მდგომარეობაშია ბალახი, სადაც რამდენიმე დღეში ერთმანეთს ინგლისისა და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ზედაპირი შესამჩნევად მშრალი და ქვიშიანია, ადგილებში კი მოყვითალო ფერიც დაკრავს.

მანაუსში მდებარე სტადიონის მშენებლობა ბრაზილიელებს 173 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. ამის მიუხედავად, მოედნის საფარი არ არის ერთადერთი მინუსი, რაც არენას აქვს - ჟურნალისტების მტკიცებით, სტადიონზე დაუცველადაა დატოვებული ელექტრო კაბელები, მუშები მოედნის გარშემო ჯერ კიდევ ასხამენ ასფალტს, ოთახებს კი ამ დრომდე არ აქვთ კარები.

აქამდე, ინგლისის ნაკრებში წუხდნენ იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებდნენ ფეხბურთელები გამკლავებოდნენ ბრაზილიაში არსებულ მაღალ ტემპერატურასა და ტენიანობას, თუმცა როგორც ტელეგრაფის ჟურნალისტი აღნიშნავს, მოედნის საფარის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ჰოჯსონის გუნდს კიდევ უფრო შეაშფოთებს.

ინგლისისა და იტალიის ნაკრებები ერთმანეთს 15 ივნისს შეხვდებიან.

კომენტარები