ერაყი

ტერორისტებმა ერაყში თურქეთის კონსული და დიპლომატები მძევლად აიყვანეს

Stringer / reuters

ერაყის ქალაქ მოსულში ტერორისტები თავს დაესხნენ თურქეთის საკონსულოს. მათ მძევლად აიყვანეს კონსული, დიპლომატები და საკონსულოს სხვა თანამშრომლები, სულ 49 ადამიანი. 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებით, ოფივიალური ანკარა მკაცრად უპასუხებს თავისი მოქალაქეების მძევლად აყვანის ფაქტს, თუ რომელიმე მათგანს ზიანი მიადგება. დავუთოღლუს ინფორმაციით, ამ დროისთვის ტერორისტებს მძევლად ჰყავთ თურქეთის 80 მოქალაქე. სამშაბათს ტერორისტებმა 31 მძღოლი აიყვანეს, დღეს კი, თურქეთის საკონსულოს 49 თანამშრომელი. 

ცნობისთვის, ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულის მოსახლეობა ქალაქს ტოვებს. ქალაქი მოსული ისლამისტური დაჯგუფების, ალ ქაიდას მოკავშირე ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა რამდენიმედღიანი ბრძოლების შემდეგ დაიკავეს. 500 ათასამდე მოქალაქესთან ერთად ქალაქი ჯარმა, პოლიციამ და სამოქალაქო ადმინისტრაციამ დატოვა. დევნილებისთვის დროებითი ბანაკები ქურთისტანის პროვინციის ტერიტორიაზე მოეწყო. დღეისთვის სუნიტი მეამბოხეები ერაყის პროვინცია ნინევიას მთლიანად აკონტროლებენ.

ერაყის მთავრობას მეამბოხეებთან ბრძოლაში დახმარებას შეერთებული შტატები შეჰპირდა. ქვეყნის პრემიერმინისტრის ნური ალ მალიკის განცხადებით, შექმნილი ვითარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მოითხოვს და იგი ამ თხოვნით პარლამენტს მიმართავს. 

კომენტარები