საქართველოს ეკონომიკა

2013 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 8 800 ადამიანით შემცირდა

დასაქმებულთა რიცხვის კვარტალური მონაცემები
საქსტატი

საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე დღეს, 12 ივნისს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ბრიფინგი გამართა. 

ჯაფარიძემ ყურადღება გაამახვილა სამშენებლო, სამრეწველო და სოფლის მეურნეობის სექტორებზე. მისი თქმით, 2014 წლის პირველ კვარტალში მრეწველობაში 2012 წლის იგივე პერიოდის მონაცემებთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 1000 ადამიანით არის შემცირებული, 2013 წლის იგივე პერიოდთან შედარებით კი შემცირება არის 4 100-ზე მეტი ადამიანი. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2013 წლის მეოთხე კვარტალში 2012 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 8 800 ადამიანით შემცირდა.

ბრუნვების მიხედვით, 2013 წელს 2012 წელთან შედარებით ბრუნვა 4%-ით გაიზარდა, თუმცა სამშენებლო და მომსახურების სექტორებში მნიშვნელოვანი ვარდნა შეინიშნებოდა. 

სამშენებლო სექტორის ბრუნვა 2013 წელს 31%-ით, სერვისსექტორის კი 17%-ით ნაკლები იყო 2012 წელთან შედარებით. 

2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ვარდნა მხოლოდ სერევისსექტორში შეინიშნება (-2%). დანარჩენი სექტორებს 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბრუნვა გაეზარდათ. 

ცალკეულ სექტორებში დასაქმების მხრივ ყველაზე მკვეთრი ვარდნა მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა. 2013 წლის მეოთხე კვარტალში 2012 წლის იგივე პერიოდთან შედარებით სამშენებლო სექტორში 14 300-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. 

2012 წელთან შედარებით 2013 წელს გაიზარდა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა 18%-ით, ბრუნვა კი 19%-ით. 

სოფლის მეურნეობის სფეროში დაფიქსირებულ შედარებით დიდ ზრდას, საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის უფროს მკვლევარი, ბესიკ ნამჩავაძე, სახელმწიფო სუბსიდიებით ხსნის.

2013 წელს სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა სახელმწიფო და კერძო სუბსიდიებმა. მაგალითად, ნათესი ფართობები გაიზარდა 17 %-ით, რაც განაპირობა ხვნა-თესვის ვაუჩერების დარიგებამ - ამბობს ნამჩავაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აუდიტორიის წინაშე საქართველოს მაკროეკონომიკური ინდიკატების საფუძვლიანი კვლევა წარუდგინა.

ეკონომიკურ ინდიკატორებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმაც გამართა. 10 ივნისის პრესკონფერენციაზე, მინისტრმა 2014 წლის კვარტალური ანგარიში წარადგინა, სადაც ნათქვამია, რომ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა მონაცემების მიხედვით, ზრდა დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის (31.10%), მშენებლობის (28.6%), უძრავი ქონებით და იჯარით ოპერაციების (18.9%) და სამთო და დამამუშავებელ (13.7%) სექტორებში. კლება კი კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევის სექტორში (- 13%) ფიქსირდება. 

მინისტრმა ხადურმა, სწორედ ამ სექტორს (კერძოდ სათამაშო ბიზნესში შემცირებულ ბრუნვას) დაუკავშირა აპრილის თვეში ეკონომიკის დაბალი ზრდის (2.7%) მაჩვენებელი.

კომენტარები