ევროკავშირი-საქართველო

ჟოსე მანუელ ბაროზო: საქართველო ევროპული ოჯახის წევრია

telegraph.co.uk

ევროკომიის პრეზიდენტი, ჟოსე მანუელ ბაროზო საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა შეხვედრის შემდეგ ბაროზომ ოპოზიციის პატივისცემაზე ისაუბრა, ასევე შეეხო საკითხს რომ არჩევნების წინა პერიოდში პოლიტიკური პოლარიზაცია კარგ შედეგებს არ მოიტანს. მისივე თქმით, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებით და პოლარიზაციის თავიდანაცილებით ევროპის წინაშე საქართველო იმიჯს შეინარჩუნებს. ბაროზომ ასევე ისაუბრა ასოცირების ხელშეკრულებაზე და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებაზე. მანვე მოუწოდა რუსეთს დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგი უკრაინასთან. 

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ის იმედოვნებს რომ არჩევნები ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება. 

"ვიმედოვნებ, ადგილობრივი არჩევნები ევროპული სტანდარტის შესაბამისად ჩატარდება. საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და მიგვაჩნია, რომ არის ევროპული ოჯახის წევრი. მნიშვნელოვანია, არ იყოს არანაირი ეჭვები არჩევნებთან, თავისუფლებასთან და სამართლიანობასთან დაკავშირებით. ხვალ შევხვდები პრემიერ-მინისტრს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში არ არის მარტო ერთი პოლიტიკური პარტია ან მთავრობა. დემოკრატია, ეს არის პლურალიზმი. მინდა ვთქვა შემდეგი, რაზეც საუბარი მქონდა ბატონ პრეზიდენტთან, ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული განვითაროების დინამიკა და ის, რომ არ იყოს საზოგადოებაში ზედმეტი პოლარიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ მთავრობა შეიძლება იყოს ოპოზიციის ფანი ან ოპოზიცია მთავრობის ფანი. ისინი კონკურენტები არიან. ვიყავი ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციის ლიდერი და ჩემი მიმართვა პოლიტიკური ძალებისადმი იქნება ის, რომ არ მოხდეს ზედმეტი პოლარიზაცია საზოგადოებაში. მე, როგორც მეგობარმა, შემიძლია გითხრათ, რომ უნდა არსებობდეს განსხვავებები, მაგრამ არ უნდა იყოს ურთიერთშეტევა, რაც შელახავს ქვეყნის იმიჯს", - განაცხადა ბაროზომ. 

ბაროზოს თქმით წინა ხელისუფლებამ დაიწყო ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობა და დაასრულებს არსებული ხელისუფლება. 

"დიახ, წინა ხელისუფლებამ დაიწყო ამაზე მუშაობა და დაამთავრებს ეს ხელისუფლება. ხელშეკრულება, რომელზეც ჩვენ ხელი უნდა მოვაწეროთ, წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არის ეროვნული იდეა, რომელსაც მხარს უჭერს ყველა პოლიტიკური ძალა, საზოგადოება. ჩვენი პარტნიორობის ამოცანა არის დაგეხმაროთ თქვენ, რათა თქვენ აღასრულოთ თქვენი ამბიციები. ევროკომისია საქართველოს თავს არაფერს ახვევს. საქართველომ თვითონ გააკეთა ეს არჩევანი და ჩვენ ვართ აქ, რომ დაგეხმაროთ. იმ შემთხვევაშიც, რომ საქართველო არ აპირებდეს ხელის მოწერას ასოცირების ხელშეკრულებაზე, ესეც რომ არ ყოფილიყო, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის თქვენი არჩევანი, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ დავეხმარებით იმ პროცესს, რომლის მეპატრონე არიან თვითონ ქართველები. თქვენ გაქვთ გამოცდილება, ინსტრუმენტები. ჩვენ არ ვახდენთ დემოკრატიის ექსპორტირებას. დემოკრატია უნდა აყვავდეს ადგილზე, მაგრამ ჩვენ ამ პერიოდში შეგვიძლია დაგეხმაროთ",- აღნიშნა მან. 

ბაროზომ მოუწოდა რუსეთს დაიწყოს დიალოგი უკრაინასთან და გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დესკალაციისთვის. 

"ჩვენ ფაქტიურად ვაწერთ ხელს მსგავს ხელშეკრულებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან,  ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ვაჭრობა არის კონფრონტაციის საგანი, არამედ ეს არის თანამშრომლობა. რაც შეეხება უკრაინას, მე პრეზიდენტ პოროშენკოს ვესაუბრე ტელეფონით და მან მე მითხრა რომ მას აწუხებს ის რაც ხდება აღმოსავლეთ უკრაინაში,შეტაკებების მხრივ და ის, რომ უკრაინის ხელისუფლების თანახმად რუსულმა ძალებმა გადალახეს უკრაინის საზღვარი. მე მივმართავ რუსეთს დაიწყოს კონსტრუქციული საუბარი უკრაინასთან, დიალოგი უკრაინასთან და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები სიტუაციის დესკალაციისთვის",- აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. 

 

კომენტარები