საქართველო-ევროკავშირი

პრემიერი: ასოცირების შეთანხმება არის გზა ჩვენი ევროპული ოცნების ასრულებისკენ

Irakli Garibashvili official/Facebook.com

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ასოცირების შეთანხმება არის გზა ჩვენი ევროპული ოცნების ასრულებისკენ". როგორც ღარიბაშვილმა სასტუმრო რედისონში, საქართველო-ევროკავშირის საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, საქართველოს მთავარი მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა.

"მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენი მისწრაფებაა, საბოლოოდ დავიმკვიდროთ კუთვნილი ადგილი ევროპის ერთიან ოჯახში და გავხდეთ მისი სრულფასოვანი წევრი. ესაა ჩვენი საბოლოო მიზანი და მე მჯერა, რომ ამას აუცილებლად მივაღწევთ. ასოცირების შეთანხმება უპრეცედენტოდ დააახლოებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან, მაგრამ ამასთან ვთანხმდებით, რომ ეს არ არის ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი. ეს შეთანხმება დაგვეხმარება საბოლოო მიზნის მიღწევაში და ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას რეალობად აქცევს. რა თქმა უნდა, შეთანხების ხელმოწერა არ არის ევროინტეგრაციის პროცესის დასასრული. ეს მხოლოდ დასაწყისია ევროპისაკენ მიმავალი რთული და გამოწვევებით აღსავსე გზისა. ეს პროცესი მთავრობისგან, პოლიტიკური ძალებისგან, საზოგადოებისა და თითოეული ჩვენგანისგან მოითხოვს დიდ ძალისხმევას, შემართებასა და ურთიერთთანადგომას, ვინაიდან ეს არის გზა, რომელსაც ჩვენი ევროპული ოცნების ასრულებისკენ, ჩვენი ისტორიული მიზნის მიღწევისკენ მივყავართ", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

საქართველო-ევროკავშირის საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენციას ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზოც ესწრება.

კომენტარები