ქართული ოცნების მარნეულის გამგებლობის კანდიდატი კანდიდატურას არ მოხსნის

ქართული ოცნების მარნეულის გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. როგორც თოფჩიშვილმა მარნეულში, საარჩევნო შტაბის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. თოფჩიშვილი არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

კითხვაზე, აქვს თუ არა მას ქართული ოცნების ცენტრალური შტაბის მხარდაჭერა, თოფჩიშვილი აცხადებს, რომ კოალიცია მას მხარს უჭერს, თუმცა, მისი თქმით, დეტალური კონსულტაციების გავლისა და პარტიის ლიდერებთან შეხვედრისთვის ვერ მოიცალა, "რადგან სოფელ-სოფელ დადიოდა და საკუთარ ამომრჩეველს ინფორმაციას აწვდიდა, რომ კანდიდატურა არ მოუხსნია". 

სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, მარნეულში, მერაბ თოფჩიშვილის საარჩევნო შტაბთან რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი. ისინი გამგებლობის კანდიდატის მხარდასაჭერად, ავტომანქანების კოლონით სიმბოლური მსვლელობის მოწყობას აპირებენ.

ცნობისთვის, გუშინ კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა და მარნეულში კოალიციის კანდიდატს მერაბ თოფჩიშვილს ურჩია, ორი აზერბაიჯანელი ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნას კანდიდატურა. პოლიტსაბჭოს განმარტებით, ეს გადაწყვეტილება კოალიციამ ეთნიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მიიღო.  

თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კოალიციის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი კანდიდატად მაინც რჩება. ცესკოს სპიკერის ეკა აზარაშვილის განმარტებით, კანდიდატურის მოხსნის ვადები ამოწურულია, ბიულეტენების ბეჭდვა დაწყებულია და ცვლილებები ამ ეტაპზე შეუძლებელია. ბიულეტენზე თოფჩიშვილის გვარი მაინც იქნება.

აქვე შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს, მარნეულის საოლქო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს. 7 ივნისს, საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც. თუმცა, 10 ივნისს, საქალაქო სასამართლომ იმამკულიევი კანდიდატად აღადგინა.

კომენტარები