საყდრისი

სასამართლომ საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აღუდგინა

0 კომენტარი
ფოტო: news.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმადაც, საყდრისის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა. აქტი განსახილველად სამინისტროს დაუბრუნდა. მინისტრის ბრძანებას ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივა ასაჩივრებდა. 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძის განმარტებით, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მინისტრმა 2013 წლის 5 ივლისის ბრძანება პროცედურული დარღვევებით მიიღო. კერძოდ, სამინისტროში არსებულ არქეოლოგიურ საბჭოს საკითხი არ განუხილავს. 

"ჩვენი სარჩელი გულისხმობდა იმ ბრძანების გაუქმებას, რომლითაც ძეგლს მოეხსნა სტატუსი. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამინისტრომ სათანადოდ არ გამოიკვლია საკითხი ამ აქტის გამოცემისას. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რამდენად ჰქონდა ამ ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის ღირებულება, უნდა მიეღო შესაბამის საბჭოს, როგორც ამას კანონი ითხოვდა და რადგან ეს არ მომხდარა, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სამინისტრომ არასათანადოდ გამოიკვლია საკითხი და ისე მიიღო გადაწყვეტილება. ჯერჯერობით, ვადები და სხვა დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ სამინისტრომ კიდევ ერთხელ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე", - ამბობს მწვანე ალტერნატივას აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, მათი თქმით, სამინისტრო განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს. მათ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 24 დღის ვადაში შეუძლიათ.  

კულტურის სამინისტრომ 11-კაციანი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, საყდრისის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისს მოუხსნა. საყდრისის მაღარო წიაღისეულის სალიცენზიო ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელსაც კომპანია RMG Gold-ი ფლობს. კომპანიის მტკიცებით, მას ოქროს მოპოვებაში ხელი ეშლება. RMG Gold-მა 2013 წლის თებერვალში მაშინდელ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ საყდრისის მაღაროს არავითარი ღირებულება არ გააჩნდა. RMG GOLD-მა საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნა მოითხოვა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები