აფხაზეთი

ხაჯიმბა: ქართველების აფხაზური პასპორტები ბათილად გამოცხადდება

rferl.org

აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის დარიგებული აფხაზური პასპორტები ბათილად გამოცხადდება და ისინი მომავალ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღებენ, ამის შესახებ აფხაზეთში მოქმედი სახალხო ერთობის ფორუმის ლიდერმა, მარიონეტული რეჟიმის ყოფილმა პრემიერმა და ვიცეპრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა.

მისი თქმით, დადგენილია, რომ გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებში 26 ათასამდე პასპორტი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კანონების დარღვევით არის გაცემული, რადგან საქართველოს მოქალაქეებს აფხაზური მოქალაქეობის მიღების უფლება არ გააჩნიათ, და ამიტომაც ეს პასპორტები ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს.

„გალის რაიონში მცხოვრები ქართველებს შორის ბევრი საქართველოს მოქალაქეა, რასაც გენერალური პროკურატურის შემოწმების მასალები მოწმობს. ამ 25-26 ათასი პასპორტის საკითხი ასე უნდა იდგეს: ადამიანების ამ კატეგორიას უფლება არ აქვს მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში, სანამ არ მოიხსნება ყველა საკითხი, რაც პასპორტების გაცემის დროს უხეშ დარღვევებს უკავშირდება", - განაცხადა ხაჯიმბამ.

ხაჯიმბას განცხადებით, ქართველებმა აფხაზეთში კვლავაც უნდა იცხოვრონ, თუმცა, მათი სტატუსი „სამართლებრივად უნდა დადგინდეს".

ოპოზიციის ზეწოლით დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი 1 ივნისს გადადგა, ვადამდელი არჩევნები მარიონეტულმა რეჟიმმა აგვისტოში დანიშნა. ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ანქვაბის წინააღმდეგ, ეთნიკურ ქართველებზე პასპორტების დარიგება გახდა.

კომენტარები