ომბუდსმენის ჯგუფები არჩევნებზე სავარაუდო უფლებადარღვევებს დააკვირდებიან

news.ge

სახალხო დამცველის განცხადებით, სამართლიანი არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითრების პროცესის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია და მისი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება კიდევ ერთი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისათვის. ომბუდსმენის შეფასებით, 15 ივნისის არჩევნებზეა დამოკიდებული, რამდენად ქმედითი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობა. შესაბამისად, უჩა ნანუაშვილის თქმით, თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეძლოს ნების თავისუფალ გარემოში გამოვლენა.

„საპრეზიდენტო არჩევნებისაგან განსხვავებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანია შედარებით დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს თითოეული მოქალაქის მონაწილეობის მნიშვნელობას საარჩევნო პროცესში და მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით გამოთქვამს მზადყოფნას, საქართველოს მასშტაბით ზედამხედველობა გაუწიოს არჩევნებში მონაწილე პირთა უფლებების დაცვას“ - აცხადებს სახალხო დამცველი და განმარტავს, რომ მას არ გააჩნია შესაბამისი მანდატი საარჩევნო უბნებზე დააკვირდეს უშუალოდ ხმის მიცემისა და საარჩევნო უფლების რეალიზაციის პროცესს.

„მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური მობილური ჯგუფები 15 ივნისს – მთელი დღის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში მონიტორინგს გაუწევენ არჩევნების პროცესში ადამიანის სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს, რასაც სათანადო შესწავლის შედეგად შესაბამისი რეაგირება მოყვება. არჩევნების დღეს დაინტერსებულ პირებს ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევაში საშუალება ექნებათ დარეკონ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე – 2913814/15“ - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

კომენტარები