ნორლანდი: საარჩევნო პროცესი ნორმალურად მიდის

ამერიკის შეერთებული შტატების, ჰოლანდიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებიან. დიპლომატების განცხადებით, საარჩევნო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს.

შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის თქმით, მათ მიიღეს ინფორმაცია რამდენიმე ინციდენტის შესახებ, რომელიც კითხვებს ბადებს. ელჩი იმედოვნებს, რომ ემოციური ატმოსფეროს მიუხედავად არჩევნები ნორმალურ ვითარებაში ჩატარდება.  

"ჩვენ ვაფასებთ ამ შესაძლებლობას, რომელიც ერთობლივი მისიის ფარგლებში გვაქვს აშშ-ის, ჰოლანდიისა და ბრიტანეთის საელჩოებს. სადამკვირვებლო ჯგუფებისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, პროცესი ნორმალურად მიდის. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ორგანიზებამ, რომელიც ვიხილეთ უბნებზე. ისინი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც იძლევა საშუალებას, რომ არჩევნები ორგანიზებულად წარიმართოს" - განაცხადა აშშ-ს ელჩმა.

ჰოლანდიის ელჩის ჰანს ჰორბახი იმედოვნებს, რომ წელსაც ისევე კარგად, ან უკეთესად იქნება ორგანიზებული, როგორც იყო გასულ წელს.

დიდი ბრიტანეთის ელჩის ალექსანდრა ჰოლ ჰოლის თქმით, საქართველოსთვის ეს არჩევნები არის დემოკრატიისადმი ერთგულოების დადასტურების საშუალება.

" ეს არის კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რათა კვლავ დაადასტუროს, რომ რეგიონში ის არის მოდელი, რომ ის ერთგულია დემოკრატიისა. არჩევნები გახდება კიდევ ერთი ნიშანსვეტი დემოკრატიის გზაზე წინგადადგმული ნაბიჯისა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ" - განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.

კომენტარები