კოჟორიძე: ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით, გამარჯვების ზეიმი არასწორია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის შეფასებით, "ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით, გამარჯვების ზეიმი არასწორია". ამის შესახებ კოჟორიძემ მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.

"საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს წინასწარი მონაცემების გაჟღერებას, მაგრამ ამის მიუხედავად, ეგზიტპოლებზე დაყრდნობით არჩევნების სრულყოფილად ჩატარების გამოცხადება და გამარჯვების ზეიმი, ვფიქრობ, არასწორი და არამიზანშეწონილია. მაშინ რა აზრი აქვს ხმის დათვლას და კენჭისყრის შედეგების შეჯამებას, რომელიც ახლა იწყება? - ჯერ წინასწარი შედეგებიც არ გამოქვეყნებულა”, - განაცხადა კოჟორიძემ და ხელისუფლებაში მყოფ კოალიციური პარტიების წევრებს სთხოვა, გაიხსენონ, "როგორ კრიტიკულ შეფასებებს აკეთებდნენ მაშინ, როცა წინა ხელისუფლება ანალოგიურად იქცეოდა”.

საიას თავმჯდომარის თქმით, არასწორია, როცა ანალოგიურ შეცდომას თავად უშვებენ.

"მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს კანონმდებლობის დარღვევა არ არის”, - აღნიშნა კოჟორიძემ.

ცნობისთვის, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან უკვე გამარჯვებას ზეიმობენ. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თბილისში დავით ნარმანიამ გაიმარჯვა. მან კოალიციის კანდიდატს გამარჯვება მიულოცა. დავით ნარმანიამ კი, ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ "ხვალიდან ჩვენ ერთად, ახალი ენერგიით გავაგრძელებთ ქვეყნის შენებას".

ორგანიზაცია GFK-ის ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, ზუგდიდის და ქუთაისის გარდა, ხუთი ქალაქის მერობის და გამგებლობის კანდიდატებს შორის, მეორე ტური გაიმართება. GFK-ს წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, რომელიც  ტელეკომპანია რუსთავი 2-მა დაუკვეთა, ქართული ოცნება სწორედ ამ ქალაქებში ლიდერობს. ეგზიტპოლის 18:00-ის შედეგების მიხედვით, სხვა ქალაქებში 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით Act-ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით კი, თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატს დავით ნარმანიას ხმა ამომრჩეველთა 51,2%-მა მისცა.

კომენტარები