პრემიერი: დარწმუნებული ვარ, რომ დავით ნარმანია გახდება თბილისის მერი

Irakli Garibashvili official/Facebook.com

"დარწმუნებული ვარ, რომ დავით ნარმანია გახდება თბილისის მერი", - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, მხოლოდ დროის საკითხია, როდის გაფორმდება ნარმანიას მერად არჩევა.

"გუშინ მოვისმინეთ ეგზიტპოლები 20:00 საათზე და თითოეულ ჩვენს განცხადებაში ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ იმ მომენტისთვის დავით ნარმანია ლიდერობდა და ახლაც ლიდერობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ დავით ნარმანია გახდება თბილისის მერი. როდის გაფორმდება მისი მერად არჩევა, ეს უბრალოდ დროის ამბავია. ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ საჭირო იყო, დავლოდებოთ ცესკოს საბოლოო მონაცემებს და ამის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი საბოლოო კომენტარის გაკეთება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, თბილისში დათვლილია ხმების 86.83%. ხმების უმრავლესობა (46.35%) ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ მიიღო. მეორე ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია (27.58%) სავარაუდო მეორე ტური სწორედ მათ შორის გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ GFK-ის ეგზიტპოლის მიხედვითაც, დავით ნარმანიას ხმა გამოკითხულთა 45.9%-მა მისცა, ნიკა მელიას 27.6%-მა, დიმიტრი ლორთქიფანიძეს 10.1%-მა, ხოლო ირმა ინაშვილს 6.3%-მა. ტელეკომპანია იმედის დაკვეთით Act-ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით კი, თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატს დავით ნარმანიას ხმა ამომრჩეველთა 51,2%-მა მისცა.

ამასთან, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ეგზიტპოლის 20:00 საათის მონაცემებით, თბილისში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატმა დავით ნარმანიამ გაიმარჯვა. ქართული ოცნების შტაბში მმართველმა კოალიციამ გამარჯვებაც იზეიმა.

კომენტარები