ხონში, პატიმრობაში მყოფმა ენმ-ის კანდიდატმა ზურაბ ჯიბუხაიამ 42.11% მიიღო

ცესკო

ხონში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ზურაბ ჯიბუხაიამ, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ხმათა 42.11% მიიღო. პირველ ადგილზე ქართული ოცნების კანდიდატი ჯემალ მებუკე გავიდა, რომელმაც ცესკოს 12:00-ის მონაცემებით, 46.87% დააგროვა. სწორედ მათ შორის გაიმართება არჩევნების შესაძლო მეორე ტური.

ამ დროისთვის, ხონში, 29 საარჩევნო უბნიდან, 27 უბნის ბიულეტენებია დათვლილი.

ზურაბ ჯიბუხაიას მიღებულ მაჩვენებელს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში "არჩევნების სიმბოლო" უწოდეს. 

"ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირადმა პატიმარმა ზურაბ ჯიბუხაიამ - ციხეში მყოფმა - 42.11% აიღო და ხონში მეორე ტური ინიშნება. წარმოიდგინეთ შედეგი, ზურაბ ჯიბუხაიას რომ საარჩევნო კამპანიის ნორმალურად წარმართვის საშუალება ჰქონოდა" - აღნიშნავს ენმ-ის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ხონის ყოფილ გამგებელს ზურაბ ჯიბუხაიას ბრალად სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება. ენმ-ის შეფასებით, ჯიბუხაიას დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. ჯიბუხაიას ქუთაისის საოლქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 12 თებერვალს შეუფარდა.

კომენტარები