იაკობ ნიკოლაძე

განჯგონებულთა საზოგადოება

როგორც დოქტორანტს, ხშირად მიწევს საჯარო ბიბლიოთეკასა და სხვადასხვა არქივებში მასალების ძიება და კითხვა. ამ კვლევითი საქმიანობის დროს, ერთ საინტერესო წერილს გადავაწყდი, რომელმაც ძალიან დამაფიქრა.

1921 წლის 10 ივლისით დათარიღებულ ჩანაწერში, გიორგი ლასხიშვილი მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეს ანუგეშებდა:

„მახსოვს ღრმა შთაბეჭდილება, რომელიც მოახდინა ჩემზე შენმა სხვადასხვა ნიჭიერმა ქმნილებამ შენს პარიზულ ატელიეში. მაშინ იმედებით იყავ აღსავსე, იაკობ, ახლა კი, ტფილისში, სევდა შემოგპარვია და ლამის სასოწარკვეთილებამ შეგიპყროს. მესმის ეს სევდა, მაგრამ ნუ მიეცემი სასოწარკვეთილებას და ნუ ჩაიხშობ ღვთიურ ნიჭს, რომელიც ესეოდენ საჭიროა ჩვენი უბედური ქვეყნის აღორძინებისათვის".

Richard Strauss and Joseph Goebbels
ჩანაწერის წაკითხვისთანავე, სრული სისავსით წარმოვიდგინე თუ რამდენად სასოწარკვეთილი შეიძლებოდა ყოფილიყო იაკობ ნიკოლაძე საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ. რასაკვირველია, ეს მყისიერი ემპათია 2008 წლის აგვისტოს ომის გამოცდილების შედეგად გახდა შესაძლებელი. სულ რომ არაფერი ითქვას ყველაზე მნიშვნელოვან – ომის შედეგად დაღუპულ ან იძულებით გადაადგილებულ პირებზე, ჩემთვის სრულიად ნაცნობი იყო უსუსურობის ის განცდა, როდესაც შენი ქვეყანა შენადვე აღარ გეკუთვნის და, შესაბამისად, შენი მომავალიც და შენ მიერ წამოწყებული ყველა საზოგადოებრივი საქმე თუ გეგმა ფერმკრთალდება და სადღაც იკარგება.

თუმცა ჩემთვის დამაფიქრებელი და გაუგებარი სრულიად სხვა გარემოება იყო – როგორ გახდა ლენინის ორდენოსანი იაკობ ნიკოლაძის მსგავსი ადამიანი, რომელმაც განათლება პარიზში მიიღო, იმუშავა როდენთან და წლების განმავლობაში თანამშრომლობდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან (ქ.შ.წ.კ.გ.ს). როგორ თანამშრომლობდა საბჭოთა ხელისუფლებასთან ადამიანი, რომლის თანამოაზრეებიც დროთა განმავლობაში საბჭოთა სასტიკი რეპრესიების მსხვერპლნი ხდებოდნენ. ამ ორ მოცემულობას, როგორც ლოგიკურ წინააღმდეგობას განვიხილავდი, ვინაიდან შეუძლებლად მეჩვენებოდა, რომ ერთ დროს საბჭოთა ოკუპაციით სასოწარკვეთილ ადამიანს, ლენინის უზადო პორტრეტის შექმნაზე ემუშავა.

ამ კითხვასთან ერთად იწყება ფიქრი იმაზე, თუ როგორ განიხილავს ჩვენი საზოგადოება დანაშაულებრივ, ტოტალიტარულ რეჟიმთან თანამშრომლობას. არსებობს თუ არა მორალური პასუხისმგებლობა, გვახსოვდეს წარსული? ამ მოვლენის ახსნის მცდელობას აქვს ადგილი თუ განსჯას? დაბოლოს, მაინც რა იგულისხმება კოლაბორაციონიზმში?

საინტერესოა, ახლა, როდესაც უკრაინის კრიზისი მძვინვარებს, საქართველოს ოცი პროცენტი ოკუპირებულია და ევრაზიის კავშირის იდეა ძალას იკრებს, განვითარების რა ეტაპზე ვართ? მივედით თუ არა იმ მდგომარეობამდე, როდესაც ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა იმდენად არის მიბმული ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტთან, რომ პუტინის პორტრეტის გამოძერწვა ეროვნული საქმის იდეასთან შეუთავსებელი ხდება?

უცხოური გამოცდილება

კონკრეტულ პოლიტიკურ რეჟიმთან ადაპტაციის თუ კოლაბორაციონიზმის საკითხი მეტად კომპლექსური, ტრაგიკული და სენსიტიურია. ცნობილია, რომ დასავლეთში – ვიშის მთავრობის, ფრანკოს რეჟიმსა თუ ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაში მყოფ ხელოვანებს ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი სტიგმა აქვთ. ამ მეტად რთულ და ტრაგიკულ საკითხზე დღემდე აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა. მეტიც, დასავლეთში ეს საკითხი არათუ არ არის ტაბუირებული, არამედ საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სულ უფრო მეტად ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.

Salvador Dali and Coco Chanel
მაგალითად, რამდენიმე წელია, რაც საფრანგეთი ემზადება ფრანგი კოლაბორაციონისტების შესახებ მასალების საჯაროდ (ინტერნეტსივრცეში) გამოქვეყნებისთვის.

ლიტვაში არსებული გენოციდისა და წინააღმდეგობის კვლევითი ცენტრი კი უკვე 2010 წლიდან აქვეყნებს საარქივო ინფორმაციას КГБ-ს აგენტების შესახებ.

ხშირად იწერება კრიტიკული სტატიები რიხარდ შტრაუსის, სალვადორ დალის, კნუტ ჰამსუნის, გაბრიელ გარსია მარკესისა და სხვა ცნობილი ხელოვანების დანაშაულებრივ რეჟიმებთან თანამშრომლობის შესახებ. მსგავსი რეფლექსიის დროს, ხშირად იკვეთება ტენდენცია, გვახსოვდეს დანაშაულებრივი რეჟიმების მხარდამჭერები მათი ნიჭისთვის, მაგრამ, ამავდროულად, არ დავივიწყოთ ის ზნეობრივი კომპრომისები, რომლებზეც მათ დროდადრო წასვლა უხდებოდათ, ის გულწრფელი შეცდომები და, არცთუ იშვიათად, საჩოთირო საქმეები.

საინტერესოა, ამ თვალსაზრისით რა დამოკიდებულებას ვხვდებით საქართველოში ქართველ ხელოვანებთან მიმართებით? სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში მსგავს პირებს უკიდურესი ოპოზიციების ფარგლებში განვიხილავთ: კარგად ან ცუდად. ავტორიტეტული პირების ცხოვრების კომპლექსური განხილვა, ფაქტობრივად, ტაბუირებულია. მათ შესახებ კითხვებს არ ვსვამთ.

იაკობ ნიკოლაძის ბიოგრაფიის ჭრილში

საქართველოში იყვნენ ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის ფასად ებრძოდნენ ბოლშევიკურ მთავრობას, მიდიოდნენ ემიგრაციაში ან თვითმკვლელობით ასრულებდნენ სიცოცხლეს. იაკობ ნიკოლაძე ერთია იმ მრავალთაგან, ვინც საკუთარი არჩევანი გააკეთა. ამ სტატიის მიზანი არავითარ შემთხვევაში ამ არჩევანის განსჯა არ არის. საინტერესოა მისი ბიოგრაფია, რომელიც დღევანდელობისთვის აქტუალურ კითხვებს აღძრავს და ყველას დაგვაფიქრებს თუ როგორ და რის ფასად წარმოგვიდგენია ქვეყნის სამსახურში ყოფნა.

მნიშვნელოვანი იყო იაკობ ნიკოლაძის გადაწყვეტილება, როდესაც მან როდენთან ერთად ამერიკაში გამგზავრებასა და იქ მის თანაშემწედ მუშაობაზე თქვა უარი. წარმოიდგინეთ ახალგაზრდა ხელოვანი, რომელმაც პარიზში გაუძლო კონკურენციას, გახდა როდენის სტაბილური თანაშემწე (რაც წარმატების მნიშვნელოვან კრიტერიუმად შეიძლება აღვიქვათ, ვინაიდან მისგან აღიარების მოპოვება რთული იყო) და რომელსაც, ვინ იცის როგორი წარმატებული საქმიანობა ელოდა ამერიკაში. დღესდღეობით, რამდენი ახალგაზრდა იტყოდა უარს მსგავს შემოთავაზებაზე?

Niko Nikoladze
როდესაც ეკითხებოდნენ, რატომ არ წახვედიო, ის ყოველთვის პასუხობდა: „მე დოლარები არასდროს მიზიდავდა, ჩემი სამშობლოს სახელი კი ჩემი სახელიც არის. მე მწამდა, რომ ჩემს ქვეყანას უფრო გამოვადგებოდი, ვიდრე სხვას". მართლაც, ეს სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც საქართველოში უხაროდათ ქართველი მოქანდაკის გამოჩენა და შეძლებისდაგვარად შეკვეთებსაც აძლევდნენ (1908 წელს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის შეკვეთა მიიღო ქ.შ.წ.კ.გ. საზოგადოებისგან, რამდენიმე წლის შემდეგ კი – ეგნატე ნინოშვილის).

ის, რაც ნიკოლაძის შესახებ გამოცემულ წიგნებში არ წერია, არის მისი ემიგრაციაში წასვლის მცდელობა. 1921 წელს, იაკობ ნიკოლაძე ბათუმის გავლით სტამბოლში ჩავა, სადაც ნოე ჟორდანიას შეხვდება. მისი მიზანი პარიზში ოჯახისთვის ბინისა და საცხოვრებელი პირობების მომზადება იყო. იაკობის შვილიშვილი, გურამ ნიკოლაძე, ჰყვება, თუ როგორ აჩვენა ნოე ჟორდანიამ იაკობს სერგო ორჯონიკიძის გამოქვეყნებული სიტყვა გაზეთში, სადაც ის ყველას მოუწოდებდა დაბრუნებას, ვინც არ იყო პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული. „შენ ვინ მოგდევდა, რომ გამოიქეციო? დაბრუნდი, ეს შენ არ გეხებაო". ნოე ჟორდანია დაარწმუნებს იაკობს და იაკობიც საბოლოოდ დაბრუნდება ოკუპირებულ თბილისში.

უკვე საბჭოთა დროს (1964 წელს) გამოცემულ „მოქანდაკის მემუარებში" აღწერილია, თუ როგორ იხსენებდა იაკობი ამ პერიოდს. 1910 წლიდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ ის სხვადასხვა სასწავლებლებში ასწავლიდა ხატვას და მხოლოდ რამდენიმე ნამუშევრის შექმნა შეძლო, რადგან შეკვეთების სიმცირე იყო და მოქანდაკეები არავის სჭირდებოდა. ამიტომ მას ხშირად ამხნევებდნენ (ცნობილია ივანე ჯავახიშვილის წერილი) და ისიც სრულიად უსასყიდლოდ ძერწავდა მსახიობებისა და მწერლების პორტრეტებს.

ამავე წიგნში ვხედავთ, თუ როგორ აკრიტიკებს ნიკოლაძე მენშევიკურ სამინისტროებს, რომლებსაც უშედეგოდ სთხოვდა მხარდაჭერას ქანდაკების კლასების დაარსებისთვის. საბჭოთა ხელისუფლებაზე კი შემდეგს წერს: „1921 წელს ფართოდ იშლება ჩემი მოღვაწეობის ასპარეზი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველივე დღიდან მე გარემოცული ვიყავი ჩვენი პარტიისა და მთავრობის ყურადღებით". შესაძლოა მენშევიკთა მთავრობა მართლაც იმსახურებდა ამ კრიტიკას, მაგრამ რა ხდება, როდესაც ის ბოლშევიკთა ხელისუფლების რეპრესიების მოწმე ხდება? 1937 წლის შემდეგ, იაკობი საკუთარ საქმიანობას შედარებით უსაფრთხო ჩარჩოში აქცევს: მხოლოდ პორტრეტებითა და ძირითადად მეთორმეტე საუკუნის მოღვაწეებით იფარგლება.

ის რეალობა, რომ საბჭოთა ხელისუფლება დასაწყისშივე პოლიტიკური რეპრესიებით დაკავდა, ჩვენს პატარა ქვეყანაში ყველასთვის იყო ცნობილი. 1924 წლის აჯანყების ჩახშობის შედეგად პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გამოვლენილმა სისასტიკემ, სერგო ორჯონიკიძეს პოლიტბიუროზე გამოსვლისას ათქმევინა „ცოტა მეტი კი მოგვივიდაო". 1930-იან წლებში კი, საბჭოთა ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ, თავად გულმხურვალე, ერთ დროს პატიოსნად მომუშავე კომუნისტი ჩინოვნიკებისთვისაც კი გახდა ცნობილი. მიხეილ მგალობლიშვილის მემუარები – „რეპრესირებულის მოგონებები" სწორედ ამ ფაქტის გაცნობიერების პროცესს ადასტურებს.

თანამშრომლობის ფორმები

რასაკვირველია, რეჟიმთან თანამშრომლობის ფორმები ყოველთვის განსხვავდებოდა.

პასიური თანამშრომლობა

იყვნენ ხელოვანები, რომლებიც მინიმალურ ხარკს იხდიდნენ უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით. მაგალითად, რ. შტრაუსი საკუთარი გავლენის გამოყენებას ცდილობდა ებრაელი ნათესავების დასაცავად. მოგვიანებით, როდესაც შტრაუსს ჰკითხავენ, თუ რატომ დათანხმდა სახელმწიფო მუსიკის ინსტიტუტის უფროსად დანიშვნაზე, ის უპასუხებს: „იმედი მქონდა, რომ კარგი საქმის კეთებას და უბედურების თავიდან აცილებას შევძლებდი".

Mikheil Javakhishvili
ხარკის საფასურად მოღვაწეობდნენ ისინიც, ვისაც საკუთარი საქმის კეთება და, შესაბამისად, კონკრეტული ქვეყნის კულტურის განვითარება უმაღლეს მიზნად მიაჩნდათ (ვფიქრობ, რომ იაკობ ნიკოლაძეც ამ კატეგორიას მიეკუთვნება). თანამშრომლობის ამგვარი პასიური ფორმა (ლექსები, საჯარო გამოსვლები და ა.შ.) ითვალისწინებდა თვითგადარჩენას და არა ვინმესთვის ზიანის მიყენებას.

ქართული სინამდვილის ანალიზისას მხედველობაში მისაღებია კიდევ ერთი გარემოება. ქართული ნაციონალური-ეროვნული სახელმწიფოს იდეა ოკუპაციამდელ საქართველოში სუსტად, თვითგამორკვევის პროცესის პარალელურად მიმდინარეობდა. არსებობდა „სამშობლოს" იდეა და არა დამოუკიდებელი სახელმწიფოსი.

სწორედ ამიტომ არის აუცილებელი განსხვავებული დროისა და პერსპექტივების გათვალისწინება.

შეუძლებელია იმის თქმა, რომ იაკობ ნიკოლაძე „სამშობლოს" საქმეს არ აკეთებდა. მან ჩაუყარა საფუძველი ქართულ ქანდაკებას, განავითარა ეს მიმართულება, აღზარდა თაობები და შექმნა ქართული ქანდაკების შესანიშნავი ნიმუშები. ის ავითარებდა ქართულ კულტურას საბჭოთა კავშირის ფარგლებში: „ქართულმა ლიტერატურამ და მისმა დიდმა ოსტატებმა განსაზღვრეს ჩემი შემოქმედება. მათში, მათ სახეებში ვეძებდი მე და ვპოვე კიდევაც უშრეტი წყარო ჩემი გულის წადილის გამოსათქმელად მხატვრულ ფორმებში, ჩემი ხალხის სიდიადის გამოსახატავად და ამით ვუწევდი სამსახურს ჩემს ხალხს და მის კულტურას".

აქტიური თანამშრომლობა

მეორე მხრივ კი, იყვნენ ისეთებიც, ვინც აქტიურად თანამშრომლობდა რეჟიმთან. საჩივრებს წერდნენ და მონაწილეობას იღებდნენ დევნის კამპანიაში (ცხადია, წამებით მოპოვებული დასმენა არ იგულისხმება). „მოყვასს, მეგობარს, მასწავლებელს წირავდნენ საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით, მაგრამ ამაო იყო ეს ცდა. კომუნისტური სიკვდილის ცელი დაუნდობლად თიბავდა ყველას" (ა. ბაქრაძე). მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამგვარი თანამშრომლობის მიზეზი საკუთარი თავის გადარჩენაც შეიძლებოდა ყოფილიყო, ის მაინც აქტიური თანამშრომლობის ფორმაში ითვლება.

1937 წლის 17 აგვისტოს მწერალთა სასახლეში ჩატარებულ სხდომაზე, გერონტი ქიქოძის გარდა ყველას ერთხმად აუწევია ხელი და ამით თანხმობა გამოუთქვამს მიხეილ ჯავახიშვილის ფიზიკურ განადგურებაზე. სტენოგრაფიული ოქმის მიხედვით, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, კალე ბობოხიძე და ზაქრო ზაქაშვილი ჯავახიშვილის წინააღმდეგ განსაკუთრებულ აქტიურობას იჩენდნენ.

მეტი სიცხადისთვის, თუ რაზე აწერდნენ ეს ადამიანები ხელს, წამოვიდგინოთ ჯავახიშვილის საკანში მყოფი სტუდენტის მოგონება: „კუთხეში მიმჯდარი იყო ძვალტყავად ქცეული ჩია ტანის მოხუცი, ღრმა ჩაცვენილი თვალებით, საშინლად გაყვითლებული, წვერებგაბურდული. პირველად შევკრთი კუთხეში მიწყობილი ჩონჩხის დანახვაზე. დიახ, ჩონჩხი, ნამდვილი ანატომიური ჩონჩხი იყო, ჩურჩულებდა. აი, ამ ჩონჩხ-ადამიანზე მითხრეს, მიხეილ ჯავახიშვილი არისო. ცოტა დამაკლდა, კინაღამ ქვითინი დავიწყე..."

შეიძლება გავიხსენოთ რეჟისორ სანდრო ახმეტელის საქმე, სადაც მთავარი მოწმის სტატუსით ცნობილი მსახიობი აკაკი ვასაძე გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში, რეაბილიტაციის საქმის მსვლელობისას თავად ვასაძემ უარყო საკუთარი ჩვენებები, საქმიდან ცნობილი ხდება, რომ ვასაძე სამჯერ მივიდა გამომძიებლებთან სხვადასხვა პირების „კონტრრევოლუციურ საქმიანობაში" მხილების მიზნით. დასახელებულ პირთა შორის, ახმეტელის გარდა, პაოლო იაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი და ტიციან ტაბიძეც იყვნენ.

იდეური მომხრეობა

იდეური მომხრეობა განსხვავებული ტიპის თანამშრომლობაში ვლინდება. მსგავსი ადამიანები იზიარებდნენ რეჟიმის სულისკვეთებას და აგენტის ან ინფორმატორის როლშიც შედიოდნენ. მაგალითად, კოკო შანელი, რომელიც აგენტის ნომერს F-7124 და კოდურ სახელს Westminster ატარებდა. „ნერონი", „დილა" და „ნავი" სწორედ მწერალთა საქმეში აღმოჩენილი ქართველი აგენტებისთვის მინიჭებული სახელებია (ჩემთვის უცნობია მათი ვინაობა).

ცხადია, ამ ტიპის თანამშრომლობა პირდაპირ ზიანს აყენებდა უდანაშაულო მოქალაქეებს, შემდეგში უკვე – „ხალხის მტრებს". წამების ქვეშ დაწერილი ჩვენებებისგან განსხვავებით, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ახალი ბინისა თუ კარიერული წინსვლის მოპოვების მიზნით, გამომძიებლებთან თანამშრომლობაში იჩენდნენ ინიციატივებს.

Sandro Akhmeteli
„თაფლის კვერის მოყვარულნი ყოველ საზოგადოებაში უხვად არიან, მაგრამ მას დამსახურება უნდა, მუქთად არავინ მოგვცემს" (ა. ბაქრაძე). სწორედ ამ დამსახურების მოპოვების მიზნით წარმოებულმა დაუღალავმა შრომამ განაპირობა, ბაქრაძის აზრით, საზოგადოების ზრდა ღალატის, დასმენის, გაყიდვის „ზნეობით". შედეგად კი შეიქმნა განჯგონებულთა საზოგადოება, სადაც გამცემლობა – მოქალაქეობრივ მოვალეობად ითვლებოდა. (განჯგონებული: როდესაც ღირებულებები უკუღმა არის გაგებული. ბოროტი კეთილად არის მიჩნეული და ასე შემდეგ).

შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს ჯორჯ ორუელის მიერ „1984"-ში აღწერილი ორაზრის ცნება. ორაზრი, როგორც მენტალური თაღლითობის ვრცელი სისტემა, გულისხმობს ორი ურთიერთსაპირისპირო რწმენის ერთდროულ მიღებას. კარგი კომუნისტი ორაზრის უბადლო ამთვისებელი უნდა ყოფილიყო. პარტიის საჭიროებისამებრ უნდა გამოეჩინა მოქნილობა, შეგნებულად ეთქვა ტყუილი და მაშინვე გულწრფელად დაეჯერებინა ამ ტყუილის ობიექტური სინამდვილე.

„ჭეშმარიტების" სამინისტროს შენობის ზედაპირზე პარტიის სამი ლოზუნგი იყო განთავსებული: ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა.

განჯგონებულთა საზოგადოებისა და ორაზრის მემკვიდრეობისაგან ბოლომდე გათავისუფლება დღემდე ვერ შევძელით. ეს კი ჩვენი ისტორიის სწორად გააზრებაში გვიშლის ხელს. როდესაც წარსულზე ვფიქრობთ, მივიჩნევთ თუ არა ქართულ კოლაბორაციონიზმს მხოლოდ კონფორმისტულ ქცევად? სად გადის ზღვარი კონფორმიზმსა და კოლაბორაციონიზმს შორის და ამსუბუქებს თუ არა ეს დანაშაულის გრძნობას?

კომენტარები