ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია არჩევნების შედეგებს გაასაჩივრებს

დიმიტრი ლორთქიფანიძე
გოჩა ლეჟავა / რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია "საკუთარი ხმების დასაცავად", დავის სასამართლოს გზით გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე საარჩევნო ბლოკის თბილისის მერობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, "ეს არჩევნები და არჩევნების მიმართ გამოხატული ნდობა არის ერთგვარი ინდიკატორი".

"70%-ზე მეტი ამომრჩეველი არ მობრძანდა საარჩევნო ყუთებთან, რითაც გამოხატა თავისი დამოკიდებულება ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის მიმართ. ეს არის, ფაქტობრივად, ნიჰილიზმში გადავარდნილი საზოგადოება. ამ არჩევნების დემოკრატიის ტრიუმფად მონათვლა არის მორიგი ფარსი და თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა და მე არ ვურჩევდი ირაკლი ღარიბაშვილს ასეთი განცხადებების გაკეთებას. მით უფრო იმ ფონზე, რომ მის ზურგს უკან ნამდვილად არის მცდელობა, ქართული ოცნების ძირითადი ბირთვი, რომელიც წარმოადგენს საარჩევნო ტექნოლოგიებს, ორ ნაწილად გაიყოს", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მერობის კანდიდატის თქმით, "ის მრავალი ათეული ათასი ხმა, რომელიც მას მისცეს, არის არა ერთჯერადი მოხმარების გამომხატველი, არამედ პირადად ჩემთვის მომავალში სათუთად შესანახი საუნჯე, რომელსაც ამომრჩეველს გათმაგებული ძალისხმევით დავუბრუნებ". 

"ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ყველამ კარგად ვნახეთ, რა მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი არჩევნების გაყალბებისთვის და ჩვენ შევეცდებით, სამართლებრივ დონეზე მოვახდინოთ დეტალური ანალიზი, წარვუდგინოთ ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, ცენტრალურ სარჩევნო კომისიას და დავა გავაგრძელოთ სასამართლოს გზით", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. 

საარჩევნო ბლოკის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კი აღნიშნა, რომ ის აპირებს ბრძოლას ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური მეთოდებით.

ცესკოს 17:00-ის მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატს დიმიტრი ლორთქიფანიძეს მხარი ამომრჩეველთა 12.81%-მა (41 954 ხმა) დაუჭირა. 

კომენტარები